გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება
გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგების მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა ცხადდება

თბილისში, გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე მიწისქვეშა პარკინების მოწყობის მიზნით, ინტერესთა გამოხატვა ცხადდება. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დედაქალაქში პარკირების  სისტემა მოსაწესრიგებელია.

„ასაშენებელია როგორც მიწისზედა, ასევე, მიწისქვეშა პარკინგები. ამასთან დაკავშირებით ვიწყებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. იცით, რომ კვლევა ჩატარებულია და შერჩეულია 10 კონკრეტული ლოკაცია ქალაქში, სადაც შესაძლებელია 10 მიწისქვეშა პარკინგის პროექტის განხორციელება და დღეს გამოგვაქვს სამი ლოკაცია, საუბარია – გეგეშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურისა და ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიებზე“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, ჯამში, სამივე ტერიტორიაზე 715 საპარკინგე ადგილის მოწყობაა შესაძლებელი.

„ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება, გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს, ხოლო მიწის ნაკვეთი გამარჯვებულს ერთ ლარად გადაეცემა. ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი პროექტების განხორციელება, რომ შევძლოთ იმ პრობლემების მოგვარება, რომელიც ამ მიმართულებით დღეს აწუხებს ქალაქს“, – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, მერია მზადაა, ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ დედაქალაქისთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.

„მინდა გთხოვოთ, ყველა დაინტერესებულ პირს, დაინტერესებულ კომპანიას მიაწოდოთ ამომწურავი ინფორმაცია სამივე ლოკაციასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა თვითონ ამ კომპანიების მხრიდან იქნება გასაკეთებელი. შემდეგ უკვე გადაწყვეტილება იქნება მიღებული პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.