მიუნხენის „ბაიერნმა“ მანუელ ნოიერთან ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
მიუნხენის „ბაიერნმა“ მანუელ ნოიერთან თანამშრომლობა გააგრძელა, – ინფორმაცია კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
ნოიერთან ერთად ახალი კონტრაქტი გააფორმა გუნდის მესამე მეკარემ, სვენ ულრაიხმაც. ორივე ფეხბურთელი „რეკორდმაისტერში“ 2027 წლის 30 ივნისამდე ითამაშებს.
„უბედნიერესი ვარ. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დრო დამჭირდა, რადგან არ მინდოდა მეჩქარა. ეს ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი იყო და, რა თქმა უნდა, კლუბისთვისაც. დარწმუნებული ვარ, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე“, – განაცხადა ნოიერმა.
მანუელ ნოიერი „ბაიერნში“ 2011 წლიდან თამაშობს და ამ პერიოდში კლუბის მაისურით 597 მატჩი ჩაატარა.