მიტოვებული რაკეტა მთვარეზე ჩავარდა და სავარაუდოდ, მოზრდილი კრატერიც წარმოქმნა — #1tvმეცნიერება
მიტოვებული რაკეტა მთვარეზე ჩავარდა და სავარაუდოდ, მოზრდილი კრატერიც წარმოქმნა — #1tvმეცნიერება

მთვარის ზედაპირის მრავალ კრატერს კიდევ ერთი შეემატა.

ორბიტული გათვლების მიხედვით, რაკეტა, რომლებიც წლები დაქროდა კოსმოსში, საბოლოოდ მთვარეს დაეცა; თუმცა, დაცემას პირდაპირ არავინ დაკვირვებია და ფოტო-მტკიცებულებებისათვის მოცდა მოგვიწევს.

ასტრონომ ბილ გრეის განცხადებით, რომელმაც პირველმა გააკეთა შეჯახების პროგნოზი, ძველი რაკეტა მთვარეს ე. წ. ბნელ მხარეს, ანუ მუდმივად დედამიწის საპირისპიროდ მოქცეულ მხარეს დაეცა.

კოსმოსში დაახლოებით 9300 კმ/სთ სიჩქარით მოძრავ თითქმის ოთხტონიან ობიექტს დაცემისას მთვარის ზედაპირზე 10-20 კმ სიგანის კრატერი უნდა წარმოქმნა.

სიჩქარე, ტრაექტორია და დარტყმის დრო დედამიწაზე განთავსებული ტელესკოპებით ჩატარებული დაკვირვებებით გამოთვალეს.

„ობიექტის შესახებ ბევრი მონაცემი გვქონდა; მასზე არაფერი მოქმედებდა გრავიტაციის ძალისა და მზის სინათლის გარდა“, — აღნიშნავს ბილ გრეი.

რაკეტის იდენტიფიცირება დებატების საგანი გახდა, რადგან კოსმოსური ნაგვის აღრიცხვასა და მონიტორინგს ოფიციალურად არც ერთი უწყება არ ახდენს.

ბილ გრეი დამოუკიდებელი კონტრაქტორია; მის მიერ შექმნილ ორბიტული გათვლების პროგრამულ უზრუნველყოფას NASA იყენებს და ნადირობს ხელოვნურ ნარჩენებზე, რადგან ასტრონომებს ისინი ასტეროიდებში არ აერიოთ და შესასწავლად დრო არ დახარჯონ.

მან თავდაპირველად იფიქრა, რომ ეს SpaceX-ის რაკეტა იყო, მაგრამ მოგვიანებით აზრი შეიცვალა და ამბობდა, რომ 2014 წელს ჩინეთის მიერ გაშვებული რაკეტა Chang’e 5-T1-ის მესამე ფაზის ძრავა იყო.

ჩინეთმა ეს ვარაუდი უარყო და განაცხადა, რომ მისი რაკეტის ძრავა დედამიწის ატმოსფეროში უსაფრთხოდ შემოვიდა და მთლიანად დაიწვა.

თუმცა, გრეი აღნიშნავს, რომ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ერთმანეთში ურევს ერთნაირი სახელის მქონე ორ მისიას და ის გულისხმობდა უფრო გვიან გაშვებულ რაკეტას.

ვისი რაკეტაც არ უნდა ყოფილიყო, მთვარის ორბიტაზე მოძრავი ხომალდები, NASA-ს Lunar Reconnaissance Orbiter-ი და ინდოეთის Chandrayaan-2, შეჯახების შედეგად წარმოქმნილი კრატერის გადაღებას შეძლებს.

კოსმოსში მიტოვებული რაკეტის გამწევები იშვიათი არ არის. მას შემდეგ, რაც რაკეტა მისიას შეასრულებს და ხომალდს გაუშვებს, თავად კოსმოსურ ნაგვად იქცევიან — ან დედამიწის ორბიტაზე იწყებენ მოძრაობას, ან ატმოსფეროში შემოდიან და იწვებიან.

თუმცა, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ასეთი ნარჩენი უნებურად მთვარეს დაეცა.

მიზანმიმართულად კი მთვარეზე ხომალდი მეცნიერებს წარსულში აქვთ ჩაგდებული, მაგალითად, აპოლოს მისიების დროს, რათა სეისმომეტრები გაეტესტათ.

მომზადებულია Agence France-Presse-ის მიხედვით.