აშშ-ში, მისურის შტატის კანონმდებლებმა აბორტის შესახებ კანონის გამკაცრებას მხარი დაუჭირეს. მათი გადაწყვეტილებით, რვაკვირიანი ორსულობის შემდეგ აბორტის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. შესაბამისად, ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა გაუპატიურების და ინცესტის შემთხვევაშიც აკრძალული იქნება.
რამდენიმე დღის წინ აბორტის შესახებ კანონი ალაბამას შტატის კანონმდებლებმაც მიიღეს, რომლის ფარგლებში ორსულობის ხელოვნური შეწყვეტა ნებისმიერ დროს იკრძალება, გამონაკლისი მხოლოდ დედის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი გარემოებაა.
კანონის დარღვევის მცდელობისთვის ექიმს 10-წლიანი პატიმრობა დაემუქრება. ხოლო იმ შემთვევაში, თუ კონკრეტული ექიმი აბორტს მაინც გააკეთებს, ამისთვის 99-წლიანი პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.
აბორტის მოწინააღმდეგეები იმედოვნებენ, რომ ახალი კანონი 1973 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას შეცვლის, რომლის საფუძველზეც ქვეყანაში აბორტი ლეგალური გახდა.
ბოლო პერიოდში აშშ-ში რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებად შტატებში აბორტის აკრძალვაზე სულ უფრო ხშირად საუბრობენ. მხოლოდ 2019 წელს შესაბამისი კანონპროექტი უკვე 16 შტატში წარადგინეს.