მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი - იმედი მაქვს, სასამართლო გაითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნიკოლოზ გუგეშაშვილი არ იმალება და ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში
მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე დაკავებულის ადვოკატი - იმედი მაქვს, სასამართლო გაითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნიკოლოზ გუგეშაშვილი არ იმალება და ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში

იმედი მაქვს, სასამართლო გაითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნიკოლოზ გუგეშაშვილი არ იმალება და ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე დაკავებული ნიკოლოზ გუგეშაშვილის ადვოკატმა, კახა წერეთელმა განუცხადა.

მისი თქმით, დაკავებულს ჯერ არ შეხვედრია და ამ ეტაპზე მხოლოდ საჯარო სივრციდან, ასევე გამომძიებელთან და პროკურორთან საუბრის შედეგად მიღებულ ინფორმაციას ფლობს.

„ჩემი ინფორმაციით, მან თავისი ინიციატივით გამოაქვეყნა კიდეც ინფორმაცია ინტერნეტში და შემდეგ ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში და მისცა აღიარებითი ჩვენება. საქმის მასალები ბრალის წარდგენის შემდეგ გადმომეცემა. დამატებითი დეტალები მასთან შეხვედრის შემდეგ მექნება. ბრალს, სავარაუდოდ, ხვალ წარუდგენენ და იმედი მაქვს, სასამართლო გაითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ნამდვილად არ იმალება და ნებაყოფლობით გამოცხადდა“, – განაცხადა ადვოკატმა კახა წერეთელმა.

შსს-მ მიშა მშვილდაძის ცემის ფაქტზე ბრალდებული პირი დღეს დააკავა. მანამდე მოქალაქე ნიკოლოზ გუგეშაშვილმა ფეისბუქპოსტი გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ მიშა მშვილდაძეს მან სცემა.