მირზა სუბელიანს ბრალი წარუდგინეს
მირზა სუბელიანს ბრალი წარუდგინეს

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ​დაკავებულ მირზა სუბელიანს ბრალი წარუდგინეს.

თბილისის მთავარ სამმართველოში ბრალის წარდგენას სუბელიანის ადვოკატი, ინგა ჩალაური ესწრებოდა. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, სუბელიანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით წარედგინა.

„მირზა სუბელიანი დანაშაულს აღიარებს. ჯერ უცნობია, აღკვეთის ღონისძიების რა სახეს მოითხოვს პროკურატურა, თუმცა პატიმრობის შუამდგომლობის შემთხვევაში ჩვენ ბრალდების მხარეს არ დავეთანხმებით,“ – განაცხადა ადვოკატმა.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.

ამავე საქმეზე კი 8 ივნისს, მოწმეზე ზემოქმედების ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავეს. მისთვის ბრალის წარდგენის პროცედურა ამ წუთებში მიმდინარეობს.

თბილისში, ​ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მირზა სუბელიანს დამნაშავეების მფარველობაში ადანაშაულებს.

ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი პირველ დეკემბერს დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე დაიღუპა, ხოლო დავით სარალიძე 2 დეკემბერს, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

სასამართლომ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნობილ გ.ბ-ს 10 წლითა 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხოლო დამამძიმებელ გარემოებაში არასრულწლოვან დავით სარალიძისგანზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ გ.ჯ.-ს 9 წელი და 9 თვე.