მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში
მირიან ნიკოლაძე - გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში

გიორგი შაქარაშვილის ბიძის, მირიან ნიკოლაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რის შემდეგაც იგი გადააგდეს მდინარეში.

როგორც მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამ ეტაპზე თავს იკავებს პასუხის გაცემისგან კითხვაზე, უგონო მდგომარეობაში იყო თუ არა შაქარაშვილი მდინარეში გადაგდების დროს.

„გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში. ამ დასკვნით ბავშვის დახრჩობის უშუალო მიზეზი არის ასფიქსია, რომელიც განვითარდა წყალში. ანუ გარდაცვალების კონკრეტული მიზეზი არის წყალში დახრჩობა, მაგრამ ვინაიდან დაზიანებები არის სიცოცხლისდროინდელი, ეს იმავდროულად ნიშნავს, რომ ბავშვის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობას, რის შემდეგაც იგი გადააგდეს მდინარეში და ამის შემდგომ დადგა ლეტალური შედეგი. უგონო მდგომარეობაში იყო თუ იყო გონებაზე, ამ ეტაპზე მე თავს შევიკავებ, მე გეუბნებით იმას, რასაც ჩვენ გვაძლევს საქმის მასალები“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ამასთან, როგორც მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, ოჯახის პოზიციაა, ყველა დამნაშავე მიეცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის გამო.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი,  ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.