ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი განცხადების გაკეთებას გეგმავს
ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი განცხადების გაკეთებას გეგმავს

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა სავარაუდოდ დღეს გასაჯაროვდება.

როგორც საქართველოს პირველ არხს გარდაცვლილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ განუცხადა, საგამოძიებო უწყება დღის განმავლობაში ჩაატარებს ბრიფინგს და მოხდება დასკვნის გასაჯაროება.

„მაქვს მოლოდინი და იმედს ვიტოვებ, რომ ექსპერტიზის დასკვნა იქნება კატეგორიული. ყოველ შემთხვევაში, ის არ დატოვებს პასუხგაუცემელ ბევრ კითხვას. ოჯახის პირველადი ვერსია განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, მჯერა, რომ უნდა იყოს ამ ექსპერტიზით დადასტურებული“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც საგამოძიებო უწყება ბრიფინგზე დოკუმენტს გაასაჯაროებს, გიორგი შაქარაშვილის ოჯახი განცხადების გაკეთებას გეგმავს.

ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ტარდება. ამასთან, ექსპერტიზაში ჩართულია დაზარალებული ოჯახის ინიციატივით მოწვეული ექსპერტიც.