მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ოჯახმა მესამე დღეს იცოდა, თუმცა ექსპერტიზის შედეგებს ელოდებოდა
მირიან ნიკოლაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების უშუალო მიზეზი ოჯახმა მესამე დღეს იცოდა, თუმცა ექსპერტიზის შედეგებს ელოდებოდა

ოჯახმა უკვე ვიცოდით მესამე დღეს გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, ოჯახმა ინფორმაცია არ გაახმაურა, რადგანაც „გზა-კვალი არ არეოდა საზოგადოებას და გამოძიებას“.

„ჩვენ, ოჯახმა უკვე ვიცოდით მესამე დღეს გიორგის გარდაცვალების უშუალო მიზეზი, ის, რაც თქვენ დღეს გაიგეთ. ჩვენ არ გავახმაურეთ ეს, რომ გზა-კვალი არ აბნეოდა არც გამოძიებას, არც საზოგადოებას და არ ყოფილიყო აქცენტები გაკეთებული მხოლოდ წყლის დახრჩობის ფაქტზე. ასევე, ვიცოდით გიორგის დაზიანებებთან დაკავშირებული ყველა გარემოება, მაგრამ ვიდრე არ მოვიდა კომპლექსურად, რომ სრული სურათი შექმნილიყო, არ გავახმაურეთ. ასე ვართ სხვა ინფორმაციებთან მიმართებაშიც“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის ბიძის თქმით, ექსპერტიზამ ამ ეტაპისთვის სრულად გასცა კითხვებს პასუხი.

„ამ ეტაპისთვის, რაც ექსპერტიზას შეეძლო, ყველა კითხვაზე გაცემულია მაქსიმუმი, დასკვნა არის კატეგორიული და ის გვაძლევს შესაძლებლობას, ვილაპარაკოთ აბსოლუტურად კატეგორიულ პოზიციაში, გიორგის მკვლელობასთან დაკავშირებით. იმისათვის, რათა დადგინდეს კიდევ უფრო დეტალური გარემოებები, ანუ მოხდეს, ვთქვათ, პერსონიფიცირება, გავიაროთ ყველა სახის დეტალი ვერსიების დასადასტურებლად ან რაღაც ვერსიების გამოსარიცხად, საჭიროა სხვა სახის ექსპერტიზის პასუხები“, – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, მირიან ნიკოლაძემ ოჯახის პოზიციაზე ისაუბრა. როგორც მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, ოჯახს აქვს კონკრეტული მოთხოვნა, „ტოიოტა ქამრიში“ მსხდომი ექვსივე პირი იყოს ბრალდებული დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით.

ამასთან, მირიან ნიკოლაძემ აღნიშნა, რომ გიორგი შაქარაშვილს მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები და შემდგომ გადააგდეს წყალში.

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურამ დღეს განცხადება გაავრცელა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ამასთან, გამოძიების ინფორმაციით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე, გენერალურმა პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე კვალიფიკაციის დაზუსტების შესახებ. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა.