მინდია უგრეხელიძე „ნაცმოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ მანდატების ბარიერგადალახულ პარტიებზე პროპორციულად გადანაწილების ინიციტივით გამოდის
თუ „ნაციონალური მოძრაობა“ და „პატრიოტთა ალიანსი“ ბოლომდე ერთგული იქნებიან თავისი პოზიციისა და არაფერს დათმობენ, გამოსავალი მაინც არსებობს, – ამის შესახებ „იმედის“ ეთერში სამართალმცოდნემ, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში პირველმა ქართველმა მოსამართლემ, მინდია უგრეხელიძემ განაცხადა.
„ეს დაახლოებით 40 მანდატი გამოდის. მეორე მხრივ, წარმოვიდგინოთ ყველა დანარჩენი პარტია ვინც გადალახა ეს ბარიერი, იმისგან დამოუკიდებლად, თუ ვინ რამდენი მიიღო. ის ორმოცი მანდატი, რომ პროპორციულად გადავანაწილოთ ამათზე, ბარიერგადალახულ პარტიებზე, იცით რა საინტერესო პარლამენტი გამოდის?!“, – აღნიშნა უგრეხელიძემ.
მისი თქმით, ეს ინიციატივა არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.
„ამას არ სჭირდება კონსტიტუციის შეცვლა, მაგრამ საარჩევნო კანონის შეცვლა, რა თქმა უნდა დასჭირდება, რასაც რა თქმა უნდა განახორციელებს უფლებამოსილი, სათანადო კომპეტენციის პარლამენტი“, – აღნიშნა უგრეხელიძემ.
მისი თქმით, ეს თუ მოხდება, ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს იდეალური პარლამენტი. „ეს იქნება ექვსპარტიული პლურალისტური პარლამენტი. სადაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ლელო“, „გირჩი“, იქ ისე გამოდის, რომ ზოგი 12 მანდატს იღებს, ზოგი 6-ს, ზოგი 4-ს, არაჩვეულებრივად საინტერესო მრავალპარტიული პარლამენტი გამოდის. ეს არაა შემთხვევითი პარტიები, მათ აქვთ გამოცდილებაც და ძალაც“, – აღნიშნა უგრეხელიძემ.
უგრეხელიძის განცხადებით, ეს ინიციატივა ეხება „პატრიოტთა ალიანსს“, ალეკო ელისაშვილის პარტიას და შალვა ნათელაშვილს. მისი თქმით, პოლიტიკურმა ძალებმა თავი უნდა დაიხსნან „ნაცმოძრაობის“ გავლენისგან.