შალვა პაპუაშვილმა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა
შალვა პაპუაშვილმა იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ გამყრელიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა

პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ ოთარ გამყრელიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

შალვა პაპუაშვილმა ოთარ გამყრელიძეს 90 წლის და მისი სამეცნიერო საქმიანობის 60 წლის იუბილე მიულოცა.

„ეს დღე გამორჩეულია. გვაქვს შესაძლებლობა, აღვნიშნოთ ბატონი ოთარ გამყრელიძის ღვაწლი იურისპრუდენციაში, მისი როლი როგორც მეცნიერებაში, ისე პედაგოგიური მოღვაწეობის მხრივ და თაობების აღზრდაში.  დღევანდელი დღე ამავე დროს მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პარლამენტისთვის, ვინაიდან პირველად ხდება, რომ პარლამენტის წარდგინებით, საქართველოს პრეზიდენტი აჯილდოვებს ჩვენი საზოგადოების გამორჩეულ წევრს ღირსების ორდენით. ამავე დროს მადლობას ვუხდი პრეზიდენტს, რომ მოგვეცა საშუალება, მისი სახელით პირადად მე, პარლამენტის თავმჯდომარემ გადავცე მას ეს მაღალი ჯილდო. ალბათ სიმბოლურია ისიც, რომ ჩვენი საზოგადოების პირველი წევრი, ვინც პარლამენტის წარდგინებით იღებს ამ მაღალ ჯილდოს, არის იურისტი, ვინაიდან საკანონმდებლო ორგანოში ეს სიმბოლურობა დაცული უნდა ყოფილიყო“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ქართულ სამართალმცოდნეობაში ოთარ გამყრელიძის ღვაწლზე და დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება.

„მე დავიწყებ მადლობით პარლამენტის თავმჯდომარისადმი. რომ არა ბატონი შალვას განსაკუთრებული მონდომება და წვლილი, დღევანდელი დღე შესაძლოა ასე და ამ ფორმით არ შემდგარიყო. ჩემთვის ორმაგად საამაყოა, რომ ჯილდოვდება გამორჩეული იურისტი, რომელიც მთელი თავისი საქმიანობისა და ცხოვრების მანძილზე მოღვაწეობდა სისხლის სამართალში. მისი ნაშრომები წინ უსწრებდა ქართული სამართლის განვითარებას და მისი ნაშრომები იყო საფუძველი, რომელმაც შემდგომ შექმნა საფუძველი საკანონმდებლო სივრცის განვითარების. ბატონი ოთარის ღვაწლი და მოღვაწეობა არის განსაკუთრებული. ჩვენ ვამაყობთ თქვენი შემოქმედებით და თქვენი მოღვაწეობით“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, მერაბ ტურავამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დღევანდელი დღის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ინიციატივისთვის, რომ საქართველოს პრეზიდენტს ბატონი ოთარი ღირსების ორდენით დაეჯილდოვებინა. ბატონი ოთარი ის პიროვნებაა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს ამ ჯილდოს და უფრო მეტსაც. ჩვენ, მისი მოწაფეები და მოწაფეების მოწაფეები დიდად ვაფასებთ მის როლს ჩვენს აღზრდა-განვითარებაში. ბატონი ოთარი თინათინ წერეთლის სკოლის ღირსეული წარმომადგენელია“.

ღონისძიების მონაწილეებს მიმართა იუსტიციის მინისტრის მრჩეველმა, მინდია უგრეხელიძემაც.

„ის გარემოება, რომ დღევანდელი ხელისუფლება ბატონ ოთარს მიაგებს სათანადო პატივს და მას ღირსეულ ჯილდოს  მიაკუთვნებს, ეს არის ერთ-ერთი გამოვლინება სამართლიანობის აღდგენისა. მოხდა ისე, რომ რამდენიმე ხელისუფლებამ ვერ მოიცალა, რომ ამ ღირსეული, ძალიან დიდი დამსახურების მქონე არაჩვეულებრივი პიროვნებისათვის მიეგო სათანადო პატივი. ოთარ გამყრელიძე არ არის ერთ-ერთი რიგითი შემთხვევა წარმატებული მეცნიერისა. იგი ის პიროვნებაა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება თავდადებით მიუძღვნა სწორედ იმ დარგის განვითარებას, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო დემოკრატიასა და სამართალს დანატრებულ  ქვეყანაში“, – განაცხადა მინდია უგრეხელიძემ.

დაჯილდოების ცერემონიალს პარლამენტის წევრები, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ესწრებოდნენ.