მინდელის შახტში დაღუპული სამი მეშახტე დღეს დაკრძალეს
მინდელის შახტში დაღუპული სამი მეშახტე დღეს დაკრძალეს

ტყიბულში დღეს 16 ივლისს მინდელის შახტში დაღუპული სამი მეშახტე დაკრძალეს.

კიდევ ერთ დაღუპულს კი ხვალ დაკრძალავენ.

ტყიბულში დღეს ადგილობრივები, მეშახტეები, პროფკავშირების წარმომადგენლები, პოლიტიკოსები შეიკრიბნენ.

მინდელის შახტში მომხდარ შემთხვევას 16 ივლისს ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია ექვსი ადამიანი. როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მინდელის შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.

ტყიბულის შახტი კომპანია „საქნახშირს“ ეკუთვნის. შახტში ტრაგედია მიმდინარე წლის 5 აპრილსაც მოხდა. მაშინ შემთხვევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება მინდელის სახელობის შახტის დახურვის შესახებ. მისი ინფორმაციით, შახტი მუშაობას არ განაახლებს, ვიდრე გამოძიება არ დასრულდება. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ტყიბულის შახტში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, 16 ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა.