მინდა, ჩვენი ფილოსოფია და სტილი მინდორზე ვნახო - ახალგაზრდული ნაკრები გორში ესტონეთს შეხვდება #1TVSPORT
დღეს, 29 მარტს, გორის „თენგიზ ბურჯანაძე არენაზე“, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ესტონეთის ახალგაზრდულ გუნდს დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით ნაკრები თბილისში ემზადებოდა.
მატჩამდე, შეხვედრის შესახებ ისაუბრეს ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ და ესპანური „ალავესის“ სარეზერვო გუნდის თავდამსხმელმა, გიორგი გაგუამ:.
რამაზ სვანაძე, 21-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელი: „შეკრებას დადებითად შევაფასებდი. გუნდი მზად არის თამაშისთვის, სადაც, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია შედეგი. თუმცა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია თამაშის ხარისხიც – ჩვენი ფილოსოფია და ის თამაშის სტილი, რომელსაც წლებია ვნერგავთ და რითიც თავი გავაცანით ქართველ გულშემატკივარს, ხვალ, ეს ყველაფერი მინდა მინდორზე ვნახო“.
გიორგი გაგუა, 21-წლამდე ნაკრების მოთამაშე: „ველით წინააღმდეგობას ესტონეთის მხრიდან, რადგან ვნახეთ ამ გუნდის თამაში და ხელწამოსაკრავი მეტოქე ნამდვილად არ არის. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება“.
საქართველოსა და ესტონეთის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრა 29 მარტს, 18:00 საათზე დაიწყება.