მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში მოძრავი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები სრულად შეიცვლება
მიმდინარე წლის ბოლომდე თბილისში მოძრავი ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსები სრულად შეიცვლება

მიმდინარე წლის ბოლომდე, თბილისში არსებული მიკროავტობუსების პარკი სრულად განახლდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის მიხედვით, დედაქალაქში მხოლოდ 1 000 ახალი მიკროავტობუსი იმოძრავებს, დანარჩენ მარშრუტებს კი 8-მეტრიანი ავტობუსები მოემსახურება.

„თბილისის მიკროავტობუსთან“ მოლაპარაკებები თითქმის დასრულდა. კომპანია კაპიტალის მოზიდვას უზრუნველყოფს და პირველ რიგში, ჩვენ მიერ ნაყიდ 300 ერთეულ მიკროავტობუსს გამოისყიდის. ასევე, დამატებით, 400 ერთეულ მიკროავტობუსს შეისყიდის. ეს ყველაფერი წლის ბოლომდე დასრულდება. უახლოებს დღეებში თბილისის მერია გამოაცხადებს ბაზრის კვლევას და დაიწყებს სატენდერო პროცედურას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, დედაქალაქში ე.წ. ყვითელი ავტობუსების ჩანაცვლების პროცესიც მიმდინარეობს.

„სატრანსპორტო პოლიტიკა ბევრი კომპონენტისგან შედგება. ყველაზე მთავარი არსებული პარკის განახლება და ძველი ავტობუსების სრულად ჩანაცვლებაა. ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ავტობუსები შესყიდულია და მის მოწოდებას ველოდებით. დამატებით, გვინდა შემოვიყვანოთ, დაახლოებით, 180 ერთეული 8- მეტრიანი და 200 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დატოვე კომენტარი