მილტონ ჰეიგმა 2019 წლის მსოფლიო თასისთვის „ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
მილტონ ჰეიგმა 2019 წლის მსოფლიო თასისთვის „ბორჯღალოსნების“ გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გოჩა სვანიძემ და „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შევარდენის სარაგბო ბაზაზე პრესკონფერეცია გამართეს, რომელზეც 2019 წლის რაგბის მსოფლიო თასისთვის საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დასახელდა.

„გუნდში არის აბსოლუტური ერთსულოვნება,  ნაკრებში შესანიშნავი განწყობაა“, – განაცხადა გოჩა სვანიძემ, სანამ სიტყვას მილტონ ჰეიგს გადასცემდა.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც მოთამაშეებს 2019 წლისთვის დაუწესა და განაცხადა, რომ შეკრებაზე ძლიერი გუნდი შედის.

„სამწვრთნელო შტაბს ორი სპეციალისტი დაემატა – ჯო ვუზლი, რომელიც წარსულში ინგლისის ნაკრებისა და ბრიტანელი და ირლანდიელი „ლომების“ მორაგბე იყო. ის იქნება ტექნიკური მრჩეველი, რომელიც ლევან მაისაშვილთან ერთად დაცვის დახვეწასა და კონტაქტის არეზე იმუშავებს. კიდევ დაგვემატება ერთი სპეციალისტი – ფილ ჰილი, რომელიც ფიზმომზადებაზე იმუშავებს“, – თქვა მილტონ ჰეიგმა პრესკონფერენციის მიმდინარეობისას.

ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის შემდეგ, გოჩა სვანიძე ზურაბ ჟვანიას საკითხსაც გამოეხმაურა და მის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა –

„მისი განცხადება, რა თქმა უნდა ჩვენც ვნახეთ და ძალიან შევშფოთდით, რადგან ვიფიქრეთ, რომ ვიღაც ერევა სელექციის საკითხში. ნაკრების სელექციის საკითხში ვერავინ ჩაერევა, რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის ჩათვლით, რადგან ეს მწვრთნელთა შტაბის პრეროგატივაა. პირველი, რაც ვეცადეთ გაგვერკვია, რაიმე საგანგაშო ხომ არ არის და ვინმე გარედან ხომ არ ერევა ნაკრების შიდა სამზარეულოში. საბედნიეროდ, ასეთი საფრთხე არ აქვს  ნაკრებს, დანარჩენზე კი მილტონი ისაუბრებს“.

მილტონ ჰეიგმა მიზეზებზე ვრცლად ისაუბრა – „მარტივი მიზეზია – ის ცუდ ფიზიკურ ფორმაში იყო. არანაირი პერსონალური ინტერესი არ არსებობს. იმ პროტოკოლის ნაწილი, რომელიც სამნახევარი წლის წინ დავაწესეთ, იყო ის, რომ მსოფლიო თასის წინა შეკრებაზე ყველა უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად კარგ ფორმაში. ამაზე ყველა შევთანხმდით. თუკი უფრო მაღალი დონის რაგბის თამაშს ვაპირებთ, ეს აუცილებელია. ბოლო სამ თვეში, ხუთი პროცენტის გარდა, ყველა სხვა მორაგბემ ფიტნესის კუთხით თავისი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. ზურაბი ამ ხუთი პროცენტის ნაწილია. მესმის, რომ მოთამაშეები იმედგაცრუებულნი არიან, როდესაც ნაკრებში ვერ ხვდებიან. ბევრი მორაგბე ვერ მოხვდა გუნდში, მიუხედავად იმისა, რომ მთელი მონდომებით ემზადებოდნენ. რა თქმა უნდა, არ ვარ ამ გადაწყვეტილებით ბედნიერი. ყოველ ჯერზე, როდესაც ნაკრებში მოხვედრა გსურს, ამისთვის უნდა იყო მზად – ნაკრებში თამაშის უფლება უნდა დაიმსახურო, ეს გარდაუვალია. შერჩევისას ბევრ კრიტერიუმს ვითვალისწინებთ და თუ შეხედავთ იმ პოზიციას, რომელზეც ზურა თამაშობს, აქ კონკურენცია ძალიან დიდია“.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მსოფლიო თასისთვის დასახულ მიზნებზეც ისაუბრა.

„მინიმუმი, რომელსაც გვინდა მივაღწიოთ, არის 2015 წელს მიღწეული შედეგის გამეორება. ამ ტურნირზე მოცემული მიზნის შესრულება ურთულესი იქნება, რადგან ფიჯი და ურუგვაი ძლიერი მეტოქეები არიან. ჩვენ მათ დამარცხებაზე ვფიქრობთ და მომდევნო სამ თვეში ამ მიზნის მისაღწევად ვიმუშავებთ“.

 

შემადგენლობა

შერკინება

მიხეილ ნარიაშვილი, კარლენ ასიეიშვილი, გურამ გოგიჩაშვილი, გიორგი თეთრაშვილი, ჯაბა ბრეგვაძე, შალვა მამუკაშვილი, ვანო კარკაძე, გიორგი ჭყოიძე, გიორგი მელიქიძე, ბექა გიგაშვილი, ლაშა ტაბიძე, ლევან ჩილაჩავა, კოტე მიქაუტაძე, გიორგი ნემსაძე, შალვა სუთიაშვილი, ნოდარ ჭეიშვილი, ბექა საღინაძე, დავით გიგაური, გრიგორ ქერდიყოშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, საბა შუბითიძე, გიორგი თხილაიშვილი, გიორგი ცუცქირიძე, ბექა გორგაძე, ბექა ბიწაძე

უკანა ხაზი

ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე, გიორგი ბეგაძე, ლაშა ხმალაძე, თედო აბჟანდაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი აფციაური, ლაშა მალაღურაძე, ზურაბ ძნელაძე, მერაბ შარიქაძე, თამაზ მჭედლიძე, დავით კაჭარავა, გიორგი კვესელაძე, მირიან მოდებაძე, ალექსანდრე თოდუა, მერაბ კვირიკაშვილი, იოსებ მათიაშვილი