მიხეილ ყაველაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ გაუგებარ ურთიერთობას გვთავაზობს და ალბათ ოდესმე დაწყნარდებიან
მიხეილ ყაველაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ გაუგებარ ურთიერთობას გვთავაზობს და ალბათ ოდესმე დაწყნარდებიან

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, გააუპატიურეს მამაკაცები, აწამეს, მოკლეს, ზუსტად ეს შევახსენე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატების, თინა ბოკუჩავასა და სერგო რატიანის მისამართით განაცხადა, რომლებიც ხმაურის გამო პარლამენტის თავმჯდომარემ ბიუროს სხდომიდან გააძევა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებმა ბიუროს სხდომაზე არაერთხელ დასვეს შეკითხვა, ხოლო პასუხის გაცემის საშუალება არავის მისცეს.

„გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობ ხოლმე, რა სახის ფორმა შეიძლება გამოინახოს, რომ ამ ადამიანებთან შევძლოთ კომუნიკაციის დამყარება. უბრალოდ წარმოუდგენელია. ჩემი აღშფოთებაც ამან გამოიწვია. არაერთხელ დასვეს შეკითხვა, პასუხს არ აცდიან ადამიანს, რა გინდა ვერ საზღვრავ. ეტყობა, დაგეგმილი ჰქონდათ, როგორც ყოველთვის. დიდი ეჭვია, რომ მათი გაკეთებულია ის, როგორც მოიქცნენ გასულ კვირას სხდომათა დარბაზში, როცა გაურკვეველი ნივთიერება მოასხეს და ადამიანები მოწამლეს. ჩემი რეპლიკაც აქედან გამომდინარე იყო. მათ ვუთხარი, რომ ჩვენი პატიმრებისთვის პრევენცია აუცილებელია, რომ იქაც რაიმე არ მოასხათ. ეს იყო ჩემი მხრიდან გამოთქმული ნახევრად ხუმრობით, თუმცა ის ფორმა, რასაც ისინი მიმართავდნენ მიუღებელია. არაერთხელ პირდაპირ მიეჭრნენ პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც საკმაოდ გაწონასწორებული და მშვიდი ადამიანია, სვამდნენ ერთსა და იმავე კითხვას, არ აცდიდნენ პასუხს და აქედან იყო ჩემი აღშფოთებაც გამოწვეული. დაბოქლომება, მონების ძახილი, კოლეგების მუდმივი შეურაცხყოფა, ბოიკოტირება, საერთოდ არ ცნობენ არავის და არაფერს და შემდეგ იყენებენ პარლამენტარის სტატუსს და პატიმრებთან შეხვედრა უნდათ. გაუგებარ ურთიერთობას გვთავაზობენ და ალბათ, ოდესმე დაწყნარდებიან. პატიმრების მონახულების გულისტკივილთან დაკავშირებით გამახსენდა ის წლები, როდესაც მოვედით. არაერთხელ მითქვამს, რომ თუ რაიმე დანაშაული და განსახორციელებელი იყო, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველაფერი გააკეთა, გააუპატიურეს მამაკაცები, აწამეს, მოკლეს. ეს ის ორგანიზაციაა, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა და ზუსტად ეს შევახსენე“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ხმაური იყო. ბიუროს სხდომაზე მივიდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თინა ბოკუჩავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი სერგო რატიანი, რომლებიც პოლიტიკური ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან. თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძისგან მოითხოვა პასუხი, შეუშვებდნენ თუ არა ოპოზიციის წარმომადგენლებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 20 ივნისის აქციის დროს დაკავებულების მოსანახულებლად. თინა ბოკუჩავას თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე მათ ამ უფლებას უზღუდავს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ბიუროს დღის წესრიგი დახია.