მიხეილ ყაველაშვილი - გუშინდელი მოვლენები მიუღებელია, შსს დამნაშავეების იდენტიფიცირებას ახდენს და დაველოდებით, რამდენად შესაბამისი რეაგირება იქნება
მიხეილ ყაველაშვილი - გუშინდელი მოვლენები მიუღებელია, შსს დამნაშავეების იდენტიფიცირებას ახდენს და დაველოდებით, რამდენად შესაბამისი რეაგირება იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარედ გუშინ განვითარებული მოვლენები მიუღებელია.

მისივე თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების პროცედურებს ახორციელებს, დამნაშავეების იდენტიფიცირებას ახდენს და დაელოდებან, რამდენად შესაბამისი რეაგირება იქნება.

„გუშინდელი მოვლენები მიუღებელია და არავითარი „მაგრამ“ არ არსებობს. ვერ წარმომიდგენია, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, რომლებიც ძალადობის ასე ჩამდენები არიან. ჩემს აღქმაში ამის დაჯერება შეუძლებელია, თუმცა რეალობა სხვა არის. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების პროცედურებს ახორციელებს, დამნაშავეების იდენტიფიცირებას ახდენს და დაველოდებით, რამდენად შესაბამისი რეაგირება იქნება.

საზოგადოებაში კითხვები თუ დარჩება, პარლამენტი თავის როლს შეასრულებს და შინაგან საქმეთა მინისტრს პასუხებს მოსთხოვს. თუ ვინმეს გაუჩნდება კითხვა, რომ ვიღაც არ დაისაჯა, რეაგირება მოხდება. რას ითხოვთ, პოლიციელებთან ერთად ვიაროთ და ჩვენც ჩავერთოთ გამოძიების პროცესში? მგონი, გასაგებად ვთქვი, რომ მიმდინარეობს პროცესი, მათ აქვთ შესაბამისი ძალაუფლება, რომ გუშინდელი დღე სათანადოდ გამოიძიონ და დამნაშავეები დასაჯონ. თუ ამ ყველაფრის შემდეგ კითხვები იქნება, პარლამენტი შესაბამისად იმოქმედებს და შს მინისტრს პასუხს მოსთხოვს. შესაძლოა, კითხვები არსებობდეს და განსაკუთრებით მედიის მხრიდან, რომლის წარმომადგენლებიც დაზარალდნენ, თუმცა სამწუხაროდ, ასეთი დაპირისპირების პროცესში პოლიცია ყოველთვის არის და ხშირად მათ კისერზე გადადის მთელი დაპირისპირებები. გუშინდელ საკითხზე არის კითხვის ნიშნები და გვექნება შესაძლებლობა, ვიცოდეთ, გუშინ დილით რა ხდებოდა, რა იყო დაგეგმილი და რამდენად იყო პოლიციის შესაბამისი რაოდენობა. ვსაუბრობთ, რომ ამაზე უნდა გვქონდეს პასუხი“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.

რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიებზე „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა გუშინ ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ აგრესიული ქმედებები განახორციელეს, რის შედეგადაც დაშავდნენ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები, მათ შორის საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი ილია თვალიაშვილი.

შსს-მ რუსთაველის გამზირზე აქციისას მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და ძალადობის მუქარით პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

ამასთან, გამოვლენილ სამართალდარღვევის ფაქტებზე ამ ეტაპზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულია რვა პირი.

უწყების ინფორმაციით, ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებებით 55 პირის მიმართ გამოვლინდა ძალადობის ფაქტები, მათ შორის 53 სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენელია.