მიხეილ შაყულაშვილი - მირზა სუბელიანი, რასაკვირველია, დასაკითხი იყო, თუმცა, როგორც დაცვის მოწმეს, ჩვენ ვერ დავკითხავდით
მიხეილ შაყულაშვილი - მირზა სუბელიანი, რასაკვირველია, დასაკითხი იყო, თუმცა, როგორც დაცვის მოწმეს, ჩვენ ვერ დავკითხავდით

ორი აზრი არ არის, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე მირზა სუბელიანი დასაკითხი იყო, – ამის შესახებ თბილისის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, მიხეილ შაყულაშვილმა  დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.

შაყულაშვილს კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ ჰკითხა, რომ მაშინ, როცა პროკურატურის ყოფილი ჩინოსანი მირზა სუბელიანი თავად მივიდა მასთან და რჩევა ჰკითხა, უნდა გასჩენოდა თუ არა ვინმეს მისი დაკითხვის აზრი.

შაყულაშვილის თქმით, თავისი შვილის თანამშრომლობის პერიოდში, სუბელიანის დაკითხვის აუცილებლობა არ ყოფილა.

„მირზა სუბელიანს თავისი შვილი მოყვანილი ჰყავდა, იმ სახლში ორივე, მამა-შვილი კალანდიები დაკითხული იყვნენ, გ.ჯ. ჩვენებას არ იძლეოდა. შესაბამისად, მირზა სუბელიანის დაკითხვის აუცილებლობა, მისი შვილის თანამშრომლობის დროს, არ იყო. გამოძიების ბოლოს, ვიდრე საქმე სასამართლოში გადაიგზავნებოდა, დაცვა და ბრალდება ერთმანეთში მტკიცებულებათა ნუსხას ცვლიან, სადაც ვნახეთ, რომ დაცვას თავის ნუსხაში მირზა სუბელიანი შეყვანილი ყავდა, როგორც დაცვის მოწმე“, – განაცხადა შაყულაშვილმა.

თუმცა, მისი თქმით, იანვარში, როცა ამოღებული ვიდეოკამერების საფუძველზე, სუბელიანის მიმართ ეჭვი გაჩნდა, ის აუცილებლად დასაკითხი იყო.

„იანვრის ბოლო თუ შუა რიცხვებში ამოღებული ვიდეოკამერებიდან ვიგებთ, რომ მირზა სუბელიანზე ეჭვი ჩნდება. რა თქმა უნდა, ეჭვის საფუძველი იყო და, რა თქმა უნდა, დასაკითხი იყო, მანდ ორი აზრი არ იყო.  იმ შემთხვევაში სუბელიანი დაცვის მოწმე იყო და ჩვენგან დაკითხვა უკვე 100-დან 100 პროცენტში დაცვის მოწმეებზე ზეწოლად აღიქმებოდა. შესაბამისად, ვერანაირად დავკითხავდით და ასეთი რამ გადავწყვიტეთ: დაცვას დავლოდებოდით, სასამართლოში დაცვა დაკითხავდა, რის შემდეგაც, ამ ფაქტის ირგვლივ უკვე ჩვენ დავკითხავდით. სუბელიანი ამიტომაც არ დაიკითხა.

მირზა სუბელიანის საქმეში ფიგურირებაზე პირადად ჩემთვის, 17 იანვარს გახდა ცნობილი და ოქმიც ასეა, როგორც ვიცი“, – განაცხადა შაყულაშვილმა.

მან დღესვე, საგამოძიებო კომისიაზე აღნიშნა, რომ 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემდეგ, მირზა სუბელიანმა დაურეკა და უთხრა, რომ აღნიშნულ საქმეზე სურდა დალაპარაკება. იმავე დღეს შეხვედრაზე კი, მომხდარის შესახებ მოუყვა და რჩევა ჰკითხა.