მიხეილ შაყულაშვილი - ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეში მონაწილე არც ერთი პირი მესამე დანის არსებობას არ ადასტურებდა
საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრი ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე მესამე დანის შესაძლო არსებობაზე ეჭვები ზაზა სარალიძეს გაუჩნდა და თბილისის ყოფილ მთავარ პროკურორ, მიხეილ შაყულაშვილს ჰკითხა, ჩატარდა თუ არა ყველა საგამოძიებო მოქმედება, რომ ეს ეჭვი გაქარწყლებულიყო.
ამასთან, ანრი ოხანაშვილი დაინტერესდა, რა გაკეთდა პროკურატურაში, რათა მესამე დანის არსებობის ფაქტი ან დადასტურებულიყო ან არ დადასტურებულიყო.
საგამოძიებო კომისიის წევრის განცხადებით, ეჭვი, რომ შესაძლოა, საქმეში მესამე დანა ფიქსირდებოდეს, საზოგადოებაშიც არსებობს.
როგორც მიხეილ შაყულაშვილმა ოხანაშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ყველა ფიგურანტი დაიკითხა და არც ერთი პირი მესამე დანის არსებობას არ ადასტურებდა.
„არ არსებობდა საგამოძიებო მოქმედება, რომელსაც ჩაატარებდით და ამ პასუხს მიიღებდით, ანუ, შესაძლებელს რომ გახდიდა მესამე დანის მოძიებას. იქ საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა. ყველა ფიგურანტი დაიკითხა. ამ ფიგურანტებიდან არც ერთი არ აფიქსირებდა იქ მესამე დანის არსებობას, არც მიმდებარე ტერიტორიაზე. შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს, დაინიშნა ექსპერტიზები, მაგრამ მესამე დანა არ არსებობდა. არ არსებობს ისეთი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც მესამე დანის არსებობას დაადასტურებდა“, – განაცხადა შაყულაშვილმა.
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს N12 სხდომას მართავს, რომელზეც პროკურატურის წარმომადგენლების გამოკითხვა მიმდინარეობს. ამ დროისთვის, კომისიის წევრების შეკითხვებს თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიების საპროცესი ხელმძღავნელობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გაბოძე პასუხობენ.