მიხეილ სარჯველაძე - უზრუნველყოფილია ყველა მომსახურება, რომელიც სტიქიის ზონაში მოქალაქეებს სჭირდებათ, ამისთვის ყველაფერი კეთდება, სასწრაფო დახმარების ექიმები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში უზრუნველყოფილია ყველა მომსახურება, რომელიც მოქალაქეებს სჭირდებათ.
მისივე თქმით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ბრიგადები სტიქიის ზონაში 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ. სარჯველაძემ მათ მადლობა გადაუხადა.
„ხორციელდება ყველა საჭირო მოქმედება, რომელიც აუცილებელია სტაბილური ვითარების შესანარჩუნებლად. მაგალითად, მოქალაქეების მხარდაჭერა, დახმარება, სასიცოცხლო სერვისებით უზრუნველყოფა. ყველაფერი კეთდება მოქალაქეების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც კომუნიკაციებში გვეხმარებიან. იქ, სადაც შეიძლება, ხანგრძლივი დრო დასჭირდეს გზის გაწმენდას, მობილური ჯგუფებით ხდება კომუნიკაცია, ვიდრე ადგილზე გამოცხადდებიან ბრიგადები, რომლებიც სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას განახორციელებენ. ეს ადამიანები სატელეფონო კავშირზეც იმყოფებიან და მოქალაქეებს ყველა საჭირო სერვისს აწვდიან. სასწრაფო დახმარების მხრივ ნაყოფიერი სამუშაო გასწია დაწესებულებამ. უნდა შევაქოთ ექიმები, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.