მიხეილ სარჯველაძე - შეუწყდება თუ არა ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება, წინასწარ საუბარი არ შეიძლება, საკითხის განხილვისას მოცემულობა ობიექტურად უნდა შევაფასოთ
მიხეილ სარჯველაძე - შეუწყდება თუ არა ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება, წინასწარ საუბარი არ შეიძლება, საკითხის განხილვისას მოცემულობა ობიექტურად უნდა შევაფასოთ

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე არ აკონკრეტებს, ბადრი ჯაფარიძეს შეუწყდება თუ არა სადეპუტატო უფლებამოსილება საგაზაფხულო სესიაზე. ჟურნალისტებთან საუბარში მიხეილ სარჯველაძე ხაზს უსვამს იმას, რომ საკითხზე მსჯელობა უნდა გაიმართოს და გადაწყვეტილება გარემოებების გათვალისწინებით უნდა იყოს მიღებული.

მისი თქმით, ეს საკითხი მარტივად გადასაწყვეტი არც ერთ შემთხვევაში არ არის, მას ყოველმხრივ შეფასება სჭირდება.

„წინასწარ საუბარი არ შეიძლება, არც რაიმე განწყობით მოქმედება იქნება რეკომენდებული. განხილვისას მოცემულობა ობიექტურად უნდა შევაფასოთ. ფორმალური საფუძველი არის, საკითხი განხილული უნდა იყოს, როგორი იქნება გადაწყვეტილება, მსჯელობას უნდა დაველოდოთ. ეს რომ იყოს ისეთი საკითხი, რომელიც უალტერნატივო გადაწყვეტილებას გულისხმობს, ამ შემთხვევაში, გარდაუვალი სამართლებრივი რეზულტატი იქნება, მაგრამ ასეთ შემთხვევასთან საქმე არ გვაქვს და ეს აუცილებლად მოითხოვს მსჯელობას და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილების მიღებას. ბევრი ფაქტორი იქნება მხედველობაში მისაღები, მათ შორის, როგორია სასამართლოს გადაწყვეტილება, იგივე ნასამართლეობის საკითხთან დაკავშირებით და ა.შ. ამ თვალსაზრისით გარემოებების სიმრავლეა. თავისთავად, ნასამართლობა არ ქმნის იმის საფუძველს, რომ დეპუტატისთვის მანდატის არსებობა დაუშვებელი იყოს, რადგან ვიცით, ისეთი პირები არჩეულან, რომლებსაც ნასამართლეობა ჰქონდათ“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. ამის საფუძველი იქნება კონსტიტუციის 39-ე მუხლში არსებული ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.