სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის გამო, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს
სასამართლოს მიერ დამნაშავედ ცნობის გამო, ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი იმსჯელებს

ფრაქცია „ლელოს“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე პარლამენტი საგაზაფხულო სესიაზე იმსჯელებს. ამის საფუძველი იქნება კონსტიტუციის 39-ე მუხლში არსებული ჩანაწერი, სადაც აღნიშნულია, რომ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ იგი კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ.

რეგლამენტის შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა იმსჯელოს. კერძოდ, პროცედურის მიხედვით, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 15 დღის ვადაში კომიტეტი განაჩენს გამოითხოვს და შესაბამის დასკვნას დაუყოვნებლივ მოამზადებს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი საქართველოს პირველ არხთან საუბარში აცხადებს, რომ ბადრი ჯაფარიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში დადგება.

დეპუტატი განმარტავს, რომ კონსტიტუცია პირდაპირ ამბობს, რომ თუ პარლამენტის წევრი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მის მიმართ ძალაში შესულია კანონიერი გადაწყვეტილება, მას სადეპუტატო უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს.

„ეს ჩანაწერი არის კონსტიტუციაშიც და რეგლამენტშიც. პარლამენტში ეს საკითხი დღის წესრიგში დადგება. ეს იქნება საგაზაფხულო სესიაზე“, – აღნიშნავს ქადაგიშვილი.

კითხვაზე, ვინაიდან სასამართლომ ბადრი ჯაფარიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა ხანდაზმულად გამოაცხადა, მას მაინც უნდა შეუწყდეს თუ არა უფლებამოსილება, ქადაგიძე პასუხობს, რომ შეფარდებული სასჯელი ხანდაზმულად სასჯელის გამო არის გამოცხადებული, თავად ბადრი ჯაფარიძე კი დამნაშავედ არის ცნობილი სასამართლოს მიერ.

მეათე მოწვევის პარლამენტში ბადრი ჯაფარიძე ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოს“ ხელმძღვანელობს. ამ დროისთვის ფრაქციაში შვიდი დეპუტატია გაწევრიანებული. იმ შემთხვევაში, თუ ბადრი ჯაფარიძეს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდება, ფრაქცია დაშლის საფრთხის წინაშე დადგება, რადგან ფრაქციაში ექვსი დეპუტატი დარჩება, რეგლამენტით კი, ფრაქციის არსებობისთვის შვიდი კანონმდებელია საჭირო.

დატოვე კომენტარი