მიხეილ სარჯველაძე - სანქციები სამართლებრივი საკითხია, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა დარღვევა, რომ სანქციებზე ვისაუბროთ, ჯერ სანქციები დაწესდეს და მერე ვისაუბროთ, ასე არ შეიძლება
მიხეილ სარჯველაძე - სანქციები სამართლებრივი საკითხია, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა დარღვევა, რომ სანქციებზე ვისაუბროთ, ჯერ სანქციები დაწესდეს და მერე ვისაუბროთ, ასე არ შეიძლება

სანქციები ზედმიწევნით სამართლებრივი საკითხია, სანქცია არის ზემოქმედების საშუალება სამართალდარღვევაზე, უნდა დადგინდეს, არსებობს თუ არა სამართლებრივი დარღვევა, რომ სანქციებზე ვისაუბროთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა

მისი თქმით, „ვინმეს თუ აქვს სასაუბროდ საკმარისი მიზეზი, რომ ვინმეს ბრალი დასდოს რუსეთთან თანამშრომლობაში, საომარი მოქმედებების დაფინანსებაში, მხარდაჭერაში და გულშემატკივრობაში, ამას დასაბუთება სჭირდება“.

„ავტომატურად ჯერ სანქციები დაწესდეს და მერე ვისაუბროთ იმასთან დაკავშირებით, რომ სამართალდარღვევას ადგილი ჰქონდა, ასე არ შეიძლება. მხოლოდ ვარაუდებზე აწყობა უფრო მეტად კვებავს მიზეზებს ინსინუაციებისთვის, ვიდრე ჭეშმარიტების გარკვევას და სამართლებრივი მექანიზმების გამართვას ისახავდეს მიზნად. სანქციების თემა იმ ფონზე, როდესაც არავითარი მიზეზი არ არსებობს საკმარისი, სამართლებრივად გამართული, რომ ვინმეს ბრალი დასდონ საქართველოში პუტინის რეჟიმის მხარდაჭერაში, არ შეიძლება დისკუსია ამგვარად წარიმართებოდეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილი შესაძლო დასანქცირებაზე დასმულ კითხვას, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, „არავითარი მიზეზი ამ შემთხვევაში ბრალდების წამოსაყენებლად არ არსებობს“.

„პრორუსულობაზე როდესაც საუბრობთ ან სანქციებთან დაკავშირებით, ამბობთ, რომ ადრე რუსული პასპორტი ჰქონდა ვიღაცას, აქედან გამომდინარე, ეს საკმარისი მიზეზია სანქციებზე სასაუბროთო. ეს პასპორტი ანალოგიურად კიდევ ვიღაც სხვას ჰქონდა, რომელთან მიმართებაშიც იგივე მოტივაცია არ გამოძრავებთ. მაგალითად, როდესაც აბრამოვიჩს გულშემატკივრობენ ზოგიერთი მაღალი თანამდებობის პირი უკრაინის ხელისუფლებიდან, ეს ავტომატურად ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლების ის თანამდებობის პირები, რომლებსაც კავშირი აქვთ, მათ შორის აბრამოვიჩთან უნდა ჩავთვალოთ, რომ არიან პრორუსები? თუ ამას დამიდასტურებთ მერე გავაგრძელოთ მსჯელობა“, – განაცხადა სარჯველაძემ.

რუსეთის სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრმა, მაიკლ მაკფოლმა განაცხადა, რომ მათ მიზანმიმართულად გადაწყვიტეს, არ გააფართოონ რეკომენდაცია რუსეთს გარეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალურ სანქციებზე.