მაიკლ მაკფოლი - ჩვენ მიზანმიმართულად გადავწყვიტეთ, არ გავაფართოვოთ რეკომენდაცია რუსეთს გარეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალურ სანქციებზე
მაიკლ მაკფოლი - ჩვენ მიზანმიმართულად გადავწყვიტეთ, არ გავაფართოვოთ რეკომენდაცია რუსეთს გარეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალურ სანქციებზე

ჩვენ მიზანმიმართულად გადავწყვიტეთ, არ გავაფართოვოთ რეკომენდაცია რუსეთს გარეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის ინდივიდუალურ სანქციებზე, – ამის შესახებ რუსეთის სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრმა, მაიკლ მაკფოლმა რუსული შესწავლის ცენტრთან ინტერვიუში განაცხადა.

როგორც მაიკლ მაკფოლმა აღნიშნა, სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის ბევრ წევრს სურს, რომ მეტი კონცენტრაცია მოხდეს რუსეთზე.

ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენიმე დღის წინ, თქვენ თქვით, რომ ჯგუფი განიხილავს სანქციების დაწესებას საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეზე, როდესაც ვსაუბრობთ საქართველოს მოქალაქეებზე, ვის უყურებთ სანქციების კუთხით, რუსეთის სანქციების საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის წევრმა აღნიშნა: „მსურს, ცხადად აღვნიშნო, რომ საქართველოში არასწორად ახსნილი არ იყოს. ჩვენი ჯგუფი არის დამოუკიდებელი, არაპარტიული ჯგუფი, რომელსაც ფორმალური ურთიერთობა არც ერთ მთავრობასთან არ აქვს. ჩვენ ვართ ყოფილი თანამდებობის პირები, უმრავლესობა პროფესორია, წევრები არიან უკრაინიდან, აშშ-დან, გერმანიიდან, ბრიტანეთიდან, კანადიდან, რუსეთიდანაც კი. ვფიქრობ, ჩვენ არ გვყავს ქართველები ჩვენ ჯგუფში და ჩვენ ეს უნდა შევცვალოთ. ჩვენ ვხვდებით არაფორმალურად, ვსაუბრობთ ყოველკვირეულად, გვაქვს ბევრი ქვეჯგუფი. რამდენიმე კვირის წინ, ქვეჯგუფმა, რომელსაც მე არ ვხელმძღვანელობდი, თქვა, რომ თუ გვსურს, ვიყოთ უფრო ეფექტურები სანქციებში, ჩვენ უნდა გავიდეთ რუსეთს გარეთ. ბელარუსის, გერმანიის, საქართველოს მოქალაქეებზე უნდა გავცეთ სანქციების რეკომენდაცია. მაგრამ, ჩვენ არ მიგვიღია ეს გადაწყვეტილება, არ დაგვიწერია ეს მოხსენება, რადგან ეს ძალიან საკამათოა. ჯგუფის ბევრ წევრს სურს, რომ ვკონცეტრირდეთ რუსებზე. ასე რომ დღეს ჩვენ მიზანმიმართულად გადავწყვიტეთ, არ გავაფართოვოთ რეკომენდაცია ინდივიდუალური სანქციებისთვის, რუსეთს გარეთ სხვა ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ჩვენ შესაძლოა, რეკომენდაცია სამომავლოდ გავცეთ, მაგრამ ეს აქამდე არ გაგვიკეთებია“, – განაცხადა მაიკლ მაკფოლმა.

კითხვაზე, განიხილავენ თუ არა პოტენციურად ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას, მაკფოლმა აღნიშნა, რომ სამუშაო ჯგუფში ინდივიდუალურ სახელებზე საუბარი არ არის.

„ჩვენი სამუშაო ჯგუფი ახლა არ საუბრობს ინდივიდუალურ სახელებზე. არ მაქვს ახალი ამბავი, რომ გამოვაცხადო, მაგრამ ვიტყოდი, ნებისმიერმა ფიზიკურმა პირმა, ნებისმიერმა კომპანიამ ან ნებისმიერმა მთავრობამ, რომელიც პირდაპირ და არაპირდაპირ ეხმარება პუტინის ომს უკრაინაში, უნდა განიცადოს შედეგები. ეს არის ბარბაროსული და სასტიკი ომი. ყოველდღიურად უდანაშაულო უკრაინელები იღუპებიან. არის თეთრი და შავი მხარე. შუალედი არ არსებობს. ან ეხმარები უკრაინელებს, მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიისთვის, ან შენ ეხმარები პუტინს. თუ ირჩევ, რომ არაპირდაპირ მხარი დაუჭირო პუტინის რეჟიმს, დასავლურმა სამყარომ, დემოკრატიულმა მსოფლიომ, რომელსაც სჯერა სუვერენიტეტის, შესაბამისად უნდა უპასუხოს“, – განაცხადა მაკფოლმა.