მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებულ ინიციატივას არაფერი აქვს დასაწუნი, უმჯობესია, ოპოზიციამ საკუთარ პოზიციას გადახედოს
მიხეილ სარჯველაძე - სახალხო დამცველის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებულ ინიციატივას არაფერი აქვს დასაწუნი, უმჯობესია, ოპოზიციამ საკუთარ პოზიციას გადახედოს

ვერცერთ შემთხვევაში ვერ გავიზიარებ ოპოზიციის პოზიციას, თითქოს, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ულტიმატუმს ჰქონდა ადგილი. პირიქით – ოპოზიციის მიმართ შეთავაზება იყო იმის თაობაზე, რომ გაიმართოს კონსულტაციები იმ ბრძანებასთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა გამოსცეს, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ სახალხო დამცველის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებით კანონპროექტზე, ოპოზიციის წარმომადგენელთა კრიტიკის პასუხად განაცხადა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლევან ბეჟაშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, გუშინ პარლამენტის თავმჯდომარე დაემუქრა ოპოზიციას, რომ თუ მხარს ცვლილებებს არ დაუჭერდნენ, არ მოხდებოდა ოპოზიციის კონსულტაციებში ჩართვა და მათი აზრის გათვალისწინება კომისიაში.

სარჯველაძის თქმით, შესაძლოა, ოპოზიციის წარმომადგენლებს აქვთ სურვილი, რომ უსაგნო ოპონირებისთვის ახალი ფრონტი გაიშალოს.

„განა რა არის აქ საულტიმატუმო ან ისეთი, რაც შეიძლება უარის თქმის მიზეზს იძლეოდეს? არ მგონია, რომ ოპოზიციამ მართებული პოზიცია დაიკავა. ვაითუ, არიან ოპოზიციის რიგებში ისეთი დეპუტატები, ვისაც მიზეზი ჰქონდა მოსაძებნი იმისთვის, რომ რეგლამენტში ცვლილებების პროექტისთვის მხარი არ დაეჭირათ. წარმოდგენილ ინიციატივას არაფერი აქვს დასაწუნი, ამის გასამართლებელი არგუმენტიც არ აქვთ.

უმჯობესია, გადახედონ პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას, საკუთარ პოზიციას და გადაწყვეტილება მიიღონ. საკუთარი მხარდაჭერა მესამე მოსმენით კენჭისყრისას მაინც ასახონ, როგორც ეს პირველი მოსმენის ეტაპზე გააკეთეს. შესაძლოა, აქვთ სურვილი იმისა, რომ უსაგნო ოპონირებისთვის ახალი ფრონტი გაიშალოს. არავის აქვს მიზეზი აქ რაიმე ფორმით გაგვაკრიტიკოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, დღეს პარლამენტის პლენარულ სესიაზე სახალხო დამცველის არჩევის წესთან დაკავშირებულ ცვლილებებზე იმსჯელებენ. დეპუტატები საკითხს მესამე მოსმენით განიხილავენ. გუშინ, პლენარულ სხდომაზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“ და „ლელომ“ სახალხო დამცველის არჩევაზე „ქართული ოცნების“ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი აღარ დაუჭირეს. სამი ოპოზიციური პარტია საკუთარი გადაწყვეტილების მიზეზად იმას ასახელებს, რომ პირველი მოსმენის რეჟიმში საკუთარი წინადადებები და შენიშვნები გაახმოვანეს, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ არ გაიზიარა.