მიხეილ სარჯველაძე - მხედველობაშია მისაღები ვეტერანთა პატივისცემა, უნდა იყოს ახსნა, რატომ არის განსხვავება 8 და 9 მაისს შორის
მიხეილ სარჯველაძე - მხედველობაშია მისაღები ვეტერანთა პატივისცემა, უნდა იყოს ახსნა, რატომ არის განსხვავება 8 და 9 მაისს შორის

მხედველობაშია მისაღები ვეტერანთა პატივისცემა. უნდა იყოს ახსნა, რატომ არის განსხვავება 8 და 9 მაისს შორის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძე გამოეხმაურა რამდენიმე ოპოზიციონერი დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივას, რომ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 9 მაისის ნაცვლად, 8 მაისს აღინიშნოს.

მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, არ შეიძლება, პოზიციებისა და ღირებულებების სისტემისადმი დამოკიდებულება გადიოდეს მხოლოდ იმაზე, სიმბოლოებით როგორ გამოხატავ.

„მხედველობაშია მისაღები ვეტერანების პატივისცემა. ახსნა უნდა იყოს, რატომ არის განსხვავება 8 და 9 მაისს შორის. რამდენადაც ინფორმაციას ვფლობ, მაგრამ ვერ დავიჩემებ, რომ უდავოდ ზუსტია, განსხვავება მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ როცა ომი დასრულდა და ხელი მოეწერა აქტს, რომელიც ომის დასრულების სიმბოლოდ ითვლება, სხვადასხვა დროის სარტყელში სხვაგვარად აღინიშნებოდა, ამის მიხედვით წყდებოდა ეს საკითხი. არ მგონია, მთავარი საკითხი იყოს სიმბოლოებთან ბრძოლა ან პოზიციების დადგენა, რა შეიძლება საქართველოს საწუხარი იყოს. არ შეიძლება, რომ პოზიციებისა და ღირებულებების სისტემისადმი დამოკიდებულება გადიოდეს მხოლოდ იმაზე, სიმბოლოებით როგორ გამოხატავ. ეს ერთგვარი პოლიტიკური ფარისევლობის მატარებელი შეიძლება, გახდეს. მთავარია საკუთარი საქმით ევროკავშირის ღირებულებების ერთგულება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.