მიხეილ სარჯველაძე - არ ვიცი, რა ინფორმაციას ეყრდნობა სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის სეიმის გადაწყვეტილება, რადგან მეჩვენება, რომ მოწოდებები ემსგავსება ღია კარის მტვრევას
მიხეილ სარჯველაძე - არ ვიცი, რა ინფორმაციას ეყრდნობა სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის სეიმის გადაწყვეტილება, რადგან მეჩვენება, რომ მოწოდებები ემსგავსება ღია კარის მტვრევას

არ ვიცი, რა ინფორმაციას ეყრდნობა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლონეთის სეიმის გადაწყვეტილება, რადგან მეჩვენება, რომ მოწოდებები ემსგავსება ღია კარის მტვრევას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ პოლონეთის სეიმის რეზოლუციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისკენ მოუწოდებს.

სარჯველაძის თქმით, „საპატიმრო უფლებები დაცული რომ უნდა იყოს და დაცულია, არ მგონია, ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას რაიმე მოწოდება სჭირდებოდეს“. მისივე განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება, ამ თვალსაზრისით, მოწოდების სიმაღლეზეა.

„საკითხის შინაარსი არ იცვლება იმის მიხედვით, ვინ აკეთებს განცხადებას. განცხადება ან სწორია, ან არასწორია, იმისგან დამოუკიდებლად, ვისი გაკეთებულია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გვითქვამს და გვისაუბრია, რომ არ ვიცი, რა ინფორმაციას ეყრდნობა, მაგალითად, სეიმის გადაწყვეტილება, რადგან მეჩვენება, რომ ამ შემთხვევაში მოწოდებები, რომლებიც კეთდება, ემსგავსება ღია კარის მტვრევას. საპატიმრო უფლებები რომ დაცული უნდა იყოს და დაცულია, არ მგონია, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლებას რაიმე მოწოდება სჭირდებოდეს. საქართველოს ხელისუფლება, მერწმუნეთ, მოწოდების სიმაღლეზეა ამ თვალსაზრისით. ის, რომ სააკაშვილი არ თანამშრომლობს მედიკოსებთან და ამის გამო რთულდება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე საპატიმრო უფლება დარღვეულია. ამიტომ ჩემი მოწოდებაა ყველას საპასუხოდ, ვინც ამ საკითხთან დაკავშირებით შეფასებებს აკეთებს, ნუ იჩქარებენ და შეეცადონ, მეტი ფაქტი, ინფორმაცია გაიგონ. ამ შემთხვევაში, ლობისტური კომპანიების მიერ გავრცელებულ ტენდენციურ ინფორმაციაზე დაყრდნობით ნუ გააკეთებენ ნაჩქარევ შეფასებებს, რომელთან დაკავშირებითაც, შეიძლება, შემდგომ ძალიან სწრაფადვე პოზიციების ცვლილება გახდეს საჭირო“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, მიხეილ სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, ვედანტ პატელის განცხადებაზე, რომ „აშშ დიდ ყურადღებას აქცევს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას“.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილის პროცესებს ყველა აკვირდება და ამაში არაფერია გასაკვირი.

„შეშფოთებას რაც შეეხება, მიზეზებს, დაკვირვებას და ინტერესს – ამაზე პირველივე დღიდან, ყოველთვის ვამბობ, რომ ინტერესი, რასაკვირველია, ძალიან დიდია, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. ეს ყველასთვის გასაგებია. მე მითქვამს, რომ არამცთუ გამადიდებელი შუშით, არამედ მიკროსკოპით აკვირდება ყველა პროცესებს. ეს ასეც უნდა იყოს, არაფერია გასაკვირი. არავის აქვს შეცდომის დაშვების უფლება. ეს არის პრაქტიკულად იმის დასტური, რომ ნებისმიერი საპატიმრო უფლება, რომელიც გააჩნია პატიმარს, ზედმიწევნით და სრულფასოვნად არის დაცული სააკაშვილის შემთხვევაში. შეშფოთების გამოხატვა კი ნიშნავს, რომ განსაკუთრებულია ინტერესი, დაკვირვება და დამოკიდებულება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ, მაგალითად, უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც ამას ობიექტურად საფუძველი არ აქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ასეთ მოთხოვნას აყენებენ“, – აღნიშნა სარჯველაძემ.