დავით უსუფაშვილი - მიხეილ სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მხოლოდ საკუთარ ძალაუფლებასა და კეთილდღეობაზე ფიქრობს
მიხეილ სააკაშვილი ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით არის დაკავებული, – ამის შესახებ „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა ლიეჟში „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერთა შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლება და კეთილდღეობა აღელვებს.
„მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ მას შემდეგ დაკავებულია ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით.
მან ჯერ საქართველოში დაამტკიცა, რომ არაფრად უღირს არაფერი, გარდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა და კეთილდღეობისა. შემდგომ უკრაინაში დაადასტურა იგივე და ახლა ლიეჟში, ზიმბაბვეში და სხვაგან, ყველგან შეეცდება ამის გაკეთებას“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
ბელგიის ქალაქ ლიეჟში, კონგრესების სასახლეში, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს გუშინ შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.
ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და აქტივისტები.
შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტთა ნაწილი. როგორც მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას, სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.