მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე სავარაუდოდ დაკავებამდე ჩაწერილი ვიდეო გავრცელდა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქგვერდზე სავარაუდოდ დაკავებამდე ჩაწერილი ვიდეომიმართვა გავრცელდა.
„დიდი ალბათობით, მე ახლა დამაკავებენ თბილისში, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არაფრის არ შეგეშინდეთ. ხვალ მიდით არჩევნებზე, მიეცით ხმა და 3-ში ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას. აბა, თქვენ იცით. მე ვარ ძალიან მტკიცედ, მედგრად. ამისთვის ჩამოვედი, რომ თქვენ დაგეხმაროთ. სხვა გამოსავალი არ მქონდა. მე არაფრის მეშინია და თქვენც ნუ შეგეშინდებათ“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნა, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.
მოგვიანებით, მან გაავრცელა ვიდეომიმართვა, რომელშიც ასევე მიანიშნა, რომ იმყოფებოდა ბათუმში. ამასთან, ცოტა ხნის შემდეგ, სააკაშვილმა კიდევ ერთი ვიდეო გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია.