მიხეილ სააკაშვილი - შეგიძლიათ დამაპატიმროთ, მომკლათ, მაგრამ ეს თქვენს ისტორიას არ შეცვლის
მიხეილ სააკაშვილი - შეგიძლიათ დამაპატიმროთ, მომკლათ, მაგრამ ეს თქვენს ისტორიას არ შეცვლის

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი მის დასაკავებლად კანონმდებლობას ცვლის, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სააპელაციო სასამართლოში განაცხადა.

მისი თქმით, პეტრო პოროშენკომ მას უკრაინის მოქალაქეობა უკანონოდ ჩამოართვა და ქვეყნიდან გააძევა.

„ის იღებს სპეციალურ კანონს, სპეციალურ დეკრეტს, რომელსაც შეგვიძლია სააკაშვილის კანონი ვუწოდოთ. უკრაინის პრეზიდენტი, რომელმაც უკანონოდ ჩამომართვა უკრაინის მოქალაქეობა, უკანონოდ გამაძევა ქვეყნიდან, უკანონოდ ცდილობდა, არ შემოვეშვი უკრაინაში, რომლის ბრძანებით, იტაცებდნენ და უკანონოდ აძევებდნენ საქართველოს მოქალაქეებს, დევნიდნენ უკრაინელებს, ახლა გასცემს სპეციალურ განკარგულებას.

თქვენ შეგიძლიათ დამაპატიმროთ, მომკლათ, მაგრამ ეს თქვენს ისტორიას არ შეცვლის. თქვენ ვერ მიიღებთ კანონს ყველა იმ ადამიანზე, ვინც გაკრიტიკებთ. ვერ დახურავთ მთელ სასამართლოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ვინმე გაათავისუფლა პატიმრობიდან. სამსახურიდან ვერ გაუშვებთ მოსამართლეს მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლე თქვა.

ეს 21-ე საუკუნეში არ შეიძლება, თქვენ მთელი მსოფლიო გაკვირდებათ. შეხედეთ, რამდენი ტელეკამერაა აქ, რამდენი თვალი გადევნებთ თვალს”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ყველას მოსყიდვას ვერ შეძლებს და უკრაინელი ხალხი კორუფციას დაამარცხებს.

კიევის სააპელაციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა გადაიდო. სააპელაციო სასამართლოს დღეს გენერალური პროკურატურის საჩივარი უნდა განეხილა. სხდომა 3 იანვარს ჩატარდება.