მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს პირველი მმართველი ვიყავი, ვინც ღორჯომში ავიდა
მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს პირველი მმართველი ვიყავი, ვინც ღორჯომში ავიდა

არც ერთ მმართველს ისტორიაში არ გაუკეთებია ამდენი აჭარისთვის, რამდენიც გავაკეთეთ მე და ჩვენმა გუნდმა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ​ხულოელებისთვის ბოდიში ბიძინა ივანიშვილსა და ხელისუფლებას აქვთ მოსახდელი, რადგან „გაჩერდა სათხილამურო კურორტებისა და ყველა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა, ასევე შეჩერდა გოდერძის გვირაბის პროექტი და ხიხანის რეაბილიტაცია“.

„რაც ვთქვი ხულოზე და ხულოში მდებარე სამხატვრო გალერეაში დასაქმებული ხელისუფლების წევრების ნათესავების მაღალ ხელფასებზე, მგონი, აჭარლებს არ სჭირდებათ ახსნა, მათ შორის ჩემს საყვარელ ხულოელებს, იციან, როგორ მიყვარს ისინი. არც ერთ მმართველს ისტორიაში არ გაუკეთებია ამდენი აჭარისთვის, რამდენიც გავაკეთეთ მე, ლევან ვარშალომიძემ და ჩვენმა გუნდმა. თვითონ ხულოს სამხატვრო გალერეა ჩემ მიერ არის აღდგენილი და გარემონტებული, მაგრამ არ შეიძლება, ამაში და სახელმწიფო სსიპებში მრავალ ათას ლარს ხარჯავდე ხელისუფლების წევრების ნათესავების ხელფასებზე მაშინ, როცა ხალხი კვდება შიმშილით. ძალიან მიყვარს მანდაურობა. საქართველოს პირველი მმართველი ვიყავი, ვინც ღორჯომში ავიდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტენთან შეხვედრის დროს ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე საუბრისას 14 მაისს განაცხადა: „ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან?“. სააკაშვილმა ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, „დეგრადირებული“ და „სუნიანი“ უწოდა.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე: „სააკაშვილმა ხულოში კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა, დარწმუნებული ვარ, კაცურ პასუხს გავცემთ, როგორც ხულოელებს ეკადრებათ“.

ამასთან, დღეს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს.