ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე - მიხეილ სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე - მიხეილ სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს

ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას საკუთარ ფეისბუქგვერდზე ეხმაურება.

ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ხულოელებს ბოდიში უნდა მოუხადოს.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანიაში, ქალაქ მიუნხენში ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ „ფსიქიატრიულები, რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის, სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაშია?“

ვფიქრობთ, ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან, რომელიც თითქოსდა თანასწორობის იდეებს უჭერდა მხარს, ეს დამოკიდებულება მკვეთრად დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია და მაღალმთიან აჭარაში მცხოვრები ადამიანების ჩამორჩენილად, ნაკლებად ცივილიზებულად მონიშვნას ახდენს“, – აცხადებს ტარიელ ნაკაიძე.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში მითითება „სუნის“ თაობაზე ასევე ძალიან შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ჩანდა.

„ბატონო მიხეილ, მინდა, შეგახსენოთ, რომ ხულოს არამარტო სამხატვრო გალერეა, არამედ თეატრი, რამდენიმე ქორეოგრაფიული ანსამბლი და მათ შორის საქართველოში ანალოგის არმქონე ქორეოგრაფიული ჯგუფი „ბერმუხა“ ჰყავს, რომლის წევრები (80 წელს გადაცილებული ბაბუები) თითქმის საუკუნეა საკუთარი ღვაწლით ინახავენ ქართულ ფოლკლორს.

შეგახსენებთ ასევე, ხულოელებმა საუკეთესოდ ვიცით ქართლი ენის, კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურის ფასი და ის ისტორიულად ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. ამგვარი მითითებები საჯარო პირების მხრიდან ჩვენი ღირსების შელახვას იწვევს.

ბატონო მიხეილ, თქვენ ხულოელებს შეურაცხყოფა მიაყენეთ, თქვენ ბოდიში უნდა მოუხადოთ ხულოელებს“, – წერს ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე ტარიელ ნაკაიძე „ფეისბუქზე“.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა მიუნხენში ემიგრანტენთან შეხვედრის დროს ხულოს მაჟორიტარ დეპუტატზე საუბრისას განაცხადა: „ფსიქიატრები რომ გაუქმდნენ ვიცი, მაგრამ ხულოს სამხატვრო გალერეა რა არის? სამხატვრო გალერეა და ხულო რა შუაში ერთმანეთთან?“. სააკაშვილმა ბოლქვაძეს, რომელიც ორჯერ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით იყო არჩეული პარლამენტში, „დეგრადირებული“ და „სუნიანი“ უწოდა.

დატოვე კომენტარი