მიხეილ სააკაშვილი - საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად წასულა, იგი იქნება ჩვენი მფარველი
მიხეილ სააკაშვილი - საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად წასულა, იგი იქნება ჩვენი მფარველი

საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად წასულა, იგი იქნება ჩვენი მფარველი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და ოდესის ექსგუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ბელგიის ქალაქ ლიეჟში მდებარე კონგრესის სასახლეში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„საქართველო აუცილებლად გაიმართება წელში. ისევ შეახსენებს მსოფლიოს, რომ არსებობს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, რადგან წმინდა გიორგი არსად არ წასულა, იგი იქნება ჩვენი მფარველი. ბოროტება აუცილებლად დამარცხდება სიკეთესთან, სინათლე აუცილებლად გაიმარჯვებს სიბნელეზე და ჩვენ ყველანი აუცილებლად დავბრუნდებით ჩვენთან სახლში. ყველაფერი აუცილებლად გამოგვივა. ნურაფრის შეგეშინდებათ.

ეს მსოფლიო კრებების მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი შემდეგი შეკრება იქნება იტალიაში, საფრანგეთში და ასე შემდეგ. შემდეგი მთავარი შეკრება აუცილებლად იქნება თბილისში, რუსთაველზე. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა. ყველანი დავირაზმებით. ყველა გზა მიდის თბილისისკენ, გამარჯვებისკენ და საქართველოს მომავლისკენ“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ლიეჟში, კონგრესების სასახლეში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს შეხვდა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორებმა განაცხადეს, შეხვედრაზე ჩავიდნენ ემიგრანტები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში იმყოფებოდნენ აგრეთვე საქართველოდან ჩასული “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები და აქტივისტები.

შეხვედრას ვერ დაესწრო ემიგრანტების ნაწილი. როგორც თავად მათ განაცხადეს, განსხვავებული აზრის გამოთქმა სურდათ, რის გამოც, შეხვედრაზე არ შეუშვეს. დარბაზში შესვლისას სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი, რა დროსაც „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს.