მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკომ მითხრა, შენ ხომ შეეგუე, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს არასდროს დაუბრუნდება, ჩვენც ასე უნდა შევეგუოთ ყირიმის დაკარგვას
საქართველოს ექსპრეზიდენტის, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის თქმით, პეტრო პოროშენკომ მას პირად საუბარში უთხრა, რომ ყირიმის დათმობის სანაცვლოდ, უკრაინა ევროკავშირისა და ნატო-ში გაწევრიანებას შეძლებდა. ეს განცხადება ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა უკრაინელ ჟურნალისტ დიმიტრი გორდონთან ინტერვიუს დროს გააკეთა.
„როდესაც ყირიმში ცნობილი მოვლენები ვითარდებოდა, პოროშენკოს ვესაუბრე, რადგან აღშფოთებული ვიყავი და ვამბობდი, რომ უკრაინამ უნდა იმოქმედოს. ამ დროს კი, მან მითხრა, აი შენ ხომ ფაქტობრივად შეეგუე, რომ აფხაზეთი და ცხინვალი საქართველოს არასდროს დაუბრუნდება, ანალოგიურად ჩვენც უნდა შევეგუოთ ყირიმის დაკარგვას, სამაგიეროდ, ჩვენ ამას გავცვლით ნატო-სა და ევროკავშირის წევრობაში. მე, რა თქმა უნდა, არ დავეთანხმე და ვუთხარი, რომ ცხინვალი და აფხაზეთი ძალიან მალე დაუბრუნდება საქართველოს, ხოლო უკრაინა სწორედ ყირიმის ტერიტორიული კონფლიქტის გამო ვერ გახდება ნატო-სა და ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.