მიხეილ სააკაშვილი - ხალხს, ვინც ხელი მოაწერა მანდატების გაუქმებას, დიდი მადლობა ჩემგან, როგორც საქართველოს ერთ-ერთი შვილისგან
მიხეილ სააკაშვილი - ხალხს, ვინც ხელი მოაწერა მანდატების გაუქმებას, დიდი მადლობა ჩემგან, როგორც საქართველოს ერთ-ერთი შვილისგან

იმ ხალხმა, ვინც დღეს თბილისის ქუჩაში, ცივ ამინდში ხელი მოაწერა პარლამენტში არშესვლას და მანდატების გაუქმებას, უარი თქვა თბილ შენობაში კომფორტულ სავარძლებზე და ყოველთვიურ ხელფასზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ გვერდზე დაწერა.

საკაშვილი ყველას გამბედაობისთვის მადლობას ეუბნება და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი საერთო გამარჯვების საწინდარია.

„იმ ხალხმა, ვინც დღეს თბილისის ქუჩაში, ცივ ამინდში ხელი მოაწერა პარლამენტში არშესვლას და მანდატების გაუქმებას, უარი თქვა თბილ შენობაში კომფორტულ სავარძლებზე და ყოველთვიურ ხელფასზე, ასევე ივანიშვილის შემოთავაზებულ ორ მილიონზე თითო ადამიანზე. თქვა უარი იმის გამო, რომ გრძნობს პასუხისმგებლობას ქართველი ხალხის წინაშე – ეს არის ნამდვილი სამოქალაქო გმირობა. ამიტომ ჩემგან, როგორც საქართველოს ერთ-ერთი შვილისგან, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს.

შეიძლება, ადრე ბევრ თქვენგანს არ ვეთანხმებოდი, ვაკრიტიკებდი, მაგრამ დღეს მართლა ქედს ვიხრი თქვენი სამოქალაქო გმირობისა და გამბედაობის წინაშე. ეს არის ჩვენი საერთო გამარჯვების საწინდარი რაც დღეს მოხდა“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისა და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადებებს მოაწერა ხელი. განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატები უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე.

ამასთან, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი მოაწერეს საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებასთან დაკავშირებულ განცხადებასაც.