ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისა და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადებებს მოაწერა ხელი
ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმისა და სიების ჩახსნასთან დაკავშირებით განცხადებებს მოაწერა ხელი

საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის პარალელურად რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივ განცხადებებს მოაწერა ხელი.

კერძოდ, განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატები, უარს ამბობენ სადეპუტატო მანდატებზე.

აქევე აღნიშნულია, რომ მათი ოფიციალური განცხადებები საქართველოს პარლამენტში შევა ცესკო-ს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე.

„ჩვენ, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ცესკო-ს შედეგების მიხედვით საქართველოს პარლამენტში არჩეული დეპუტატები, უარს ვაცხადებთ სადეპუტატო მანდატებზე და ვტოვებთ გაყალბებული არჩევნების შედეგების მიხედვით შეკრებილ პარლამენტს, რადგან ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას.

ჩვენი ოფიციალური განცხადებები საქართველოს პარლამენტში შევა, ცესკო-ს მიერ პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმების შესახებ ოფიციალური დოკუმენტის მიღებისთანავე“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ხელს აწერენ საპარლამენტო პროპორციული საარჩევნო სიების გაუქმებასთან დაკავშირებულ განცხადებასაც.

„პოლიტიკური პარტიები, რომელთაც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ცესკო-ს შედეგების მიხედვით გადავლახეთ დაწესებული ბარიერი და მოვხვდით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, მივიჩნევთ, რომ არჩევნები გაყალბდა ქართული ოცნების მიერ და ის არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, მივმართავთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოთხოვნით, გააუქმოს ჩვენს მიერ წარდგენილი პროპორციული საარჩევნო სიები“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, კიდევ ერთი განცხადება ეხება პარლამენტის ბოიკოტირების საკითხს.

„2020 წლის 31 ოქტომბრის საქართველოს პარლამენტის არჩევნები ჩატარდა ამომრჩეველზე ძალადობის, მოსყიდვის, საარჩევნო ოქმების მანიპულაციისა და სხვა მძიმე დარღვევების ფონზე, რის გამოც არჩევნები ითვლება გაყალბებულად და არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები არ ვაღიარებთ არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად, ბოიკოტს ვუცხადებთ არალეგიტიმური საკანონმდებლო ორგანოს ფუნქციონირებას და ვითხოვთ ახალი არჩევნების ჩატარებას“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც დღეს ხელი მოაწერა შემდეგმა პარტიებმა: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებლი“, „ლეიბორისტული პარტია“, „ლელო საქართველოსთვის“.

აღნიშნულ პროცესს არ დასწრებიან „რესპუბლიკური პარტია“, „გირჩი“, პარტია „მოქალაქეები“, „პატრიოტთა ალიანსი“.