მიხეილ სააკაშვილი – ძმები გილაურები ამ დანაშაულებრივი სინდიკატის წარმომადგენლები არიან, მალე მოვა დრო, როცა ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან

23:43, 30.06.2026

გილაურების შემოყვანა იყო ძალიან მძიმე შეცდომა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ძმები გილაურები საბანკო დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან.

„გილაური რომ ჩემი პრემიერი იყო, მაშინ ბანკების მოგება დღევანდელთან შედარებით ხუთჯერ ნაკლები იყო. დღეს ჩამოყალიბებულია საბანკო ოლიგარქია მთავარი ბანკირის, ივანიშვილის მეთაურობით. ეს სრულიად გამყიდველური, მოღალატე, დაუნდობელი, ხარბი ბანკები რუსეთთან და დიქტატურასთან ერთად არიან ხალხის მთავარი დაუძინებელი მტრები. სწორედ ეს ბანკებია „ნულოვანი თანაგრძნობის“ მომგონი და ცხოვრებაში გამტარებელი. მათ ითამაშეს მნიშვნელოვანი როლი ქართველი ხალხის გაღატაკებაში, უცხოეთში გაძევებაში. ისინი ათეთრებენ რუსულ და ირანულ ფულს. ისინი უხანგრძლივებენ სიცოცხლეს ივანიშვილის დიქტატურას. მალე მოვა დრო, როცა ამ ბანკების მესვეურები დიქტატურასთან ერთად გასამართლდებიან ქვეყნის ღალატისთვის. ძმები გილაურები ამ დანაშაულებრივი სინდიკატის კლასიკური წარმომადგენლები არიან.

2023 წელს გილაური გამოჩნდა სწორედ მაშინ, როცა მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით ერთიან სიაზე სხვა პარტიებთან. მისი პირობა იყო – არანაირი ერთიანი სია, გავდივართ ცალკე. ასევე, ტელევიზია „მთავარი“ აღარ აშუქებს „ნაციონალებს“. ამ საქმეში გილაურებმა 30 მილიონი დოლარი ჩადეს. ოფიციალურად დარეგისტრირდა 40 მილიონი ლარი. შევადაროთ, გილაურების მიერ დაფუძნებულ ცვლილებების კოალიციას არჩევნებში 30-ჯერ მეტი ფული ჰქონდა, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი ციხეში მჯდომი ლიდერით. საერთოდ, ჩემი მოწამვლის და დროებით მძიმე მდგომარეობის გამოყენება ჩემი პარტიის ხმებზე ნადირობისთვის არის კლასიკური პოლიტიკური მონადირეობა. ახლა ვინმეს შეუძლია, დაიჯეროს ერთი წუთით მაინც, რომ ეს ივანიშვილის პირდაპირი დავალების გარეშე მოხდა? იმის თქმა, თითქოს „ნაციონალებიც“ აწარმოებდნენ მოლაპარაკებას გილაურებთანო, იგივეა, ვინმემ თავისი მსუბუქი ყოფაქცევის გასამართლებლად სხვას უთხრას, შენ თვითონ ასეთოო. გარდა იმისა, რომ სრული ტყუილია, გასამართლებლად არ ვარგა არანაირად. ზუსტად ასე, ივანიშვილმა ენმ-ს ნაწილი გამოაცალა თავის დროზე. პალიკო კუბლაშვილის, ვანო ჩხარტიშვილის შუამავლობით, 2018 წელს დავით ბაქრაძის დაყენებით არ დაუშვა გრიგოლ ვაშაძის გამარჯვება. 2020 წელს შემოაგდო ნულოვანი ბარიერი, რითაც დაყო პარტიები. ეს მუდმივად ერთი და იგივე თამაშია.

რაც შეეხება ტელევიზია „მთავარს“, მისი დაფუძნება გადაწყდა ჩემთან სახლში, კიევში, სადაც მოხდა შეთანხმება ჩემი უშუალო ჩართულობით და შუამავლობით. მე ვუპოვე ინვესტორები, რომლებიც მთლიანად აფინანსებდნენ ტელევიზიას წლების განმავლობაში. მეტსაც გეტყვით, ციხეში რომ მოვხვდი, დედაჩემმა ბაბუაჩემ გივის დატოვებული მიწის ნაკვეთი გაყიდა და ფულის ნახევარი მისცა „მთავარს“. ეს იყო  ოჯახის ბოლო ფული. 2024 წლის არჩევნების დროს ტელევიზია მთლიანად ჩაგვიკეტეს, მათ შორის აღარ აჩვენებდნენ ჩემს ჩართვებს სასამართლოში. ამას პოლიტიკა კი არა, სრული ამორალობა ჰქვია“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

მსგავსი