მიხეილ სააკაშვილი - გერმანიის ელჩის თავდასხმას საქართველოს ისტორიაზე პასუხის გაცემა უნდა
მიხეილ სააკაშვილი - გერმანიის ელჩის თავდასხმას საქართველოს ისტორიაზე პასუხის გაცემა უნდა

კამპანიების აგორება, ჩვენ მივაწვდით ვიღაცას ინფორმაციას, რომ გაიწვიონ ელჩი, გამოიწვიონ, არაფერს მოგვცემს, ჩვენ ვკონცენტრირდეთ ჩვენს თემებზე, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ „ფეისბუქ“ ლაივში განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც პოლიტიკური დაკვეთა არსებობს, ელჩი არის მისი შემსრულებელი. სააკაშვილის განცხადებით, „შეიძლება, იყოს უკეთესი, ან უარესი ელჩი, ძალიან ჭკვიანი ან შეიძლება, იდიოტიც“, თუმცა საბოლოო ჯამში, დედაქალაქების დონეზე თუ არის რამე პოლიტიკა, ელჩები ამაზე რეაგირებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილზე იღებენ რაღაც გადაწყვეტილებას.

„რა თქმა უნდა, ნიკა გვარამიას, რომელიც არის გენიალური ჟურნალისტი, ძალიან მაღალი კლასის ინტელექტუალი და ძალიან დიდი ქართველი პატრიოტი, ძალიან დიდი როლი აქვს საქართველოში, მისი მოვალეობაა, რომ თქვენ ინფორმაცია მოგაწოდოთ. ვერანაირად ვერ გავიზიარებ მის მიმართ დაგმობას და მიმაჩნია, რომ ის არის ძალიან მაგარი ადამიანი, რომელმაც ძალიან ბევრი სწორი ფაქტი შეატყობინა ქართულ საზოგადობას. ამავე დროს, კამპანიების აგორება, ჩვენ მივაწვდით ვიღაცას, რომ გაიწვიონ ელჩი, გამოიწვიონ, არაფერს არ მოგვცემს. ჩვენ ვკონცენტრირდეთ ჩვენს თემებზე, ელჩი არის შემსრულებელი, როდესაც არის პოლიტიკური დაკვეთა, შეიძლება, იყოს უკეთესი ელჩი, შეიძლება, იყოს უარესი ელჩი, შეიძლება, იყოს ძალიან ჭკვიანი ელჩი, შეიძლება, იყოს ელჩი იდიოტიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ არის რამე პოლიტიკა დედაქალაქების დონეზე, ეს ელჩები ამაზე რეაგირებენ, თუ პოლიტიკა არ არის, თავის თავზე, ადგილზე იღებს რაღაც გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, არ შეიძლება გამორიცხო ლობიზმის ელემენტებიც, ყოველთვის არის ხოლმე, ყოველთვის არა, მაგრამ ზოგჯერ არის ესეც, თუმცა ჩვენ ამაზე არ უნდა დავიციკლოთ.

თუ ჩვენ ვიქნებით ბევრი, ვიქნებით ორგანიზებულები, ვიმოქმედებთ სწორად, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება ჩვენ მხარეს. თუ ჩვენ თვითონ არ ვიბრძოლებთ ჩვენთვის, მაშინ ნურავის ნურაფერს დავაბრალებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვიბრძოლებთ, დარწმუნებული ვარ, ჩვენ ყველაფერი გამოგვივა და ამ მიმართულებით ბევრად მეტი სამუშაოა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, თუ იქნებიან აქტიურები, მსოფლიოც მათ გვერდით დადგება.

„მეგობრებო, ვიქნებით აქტიურები, მსოფლიო დაგვიდგება გვერდზე. ვარდების რევოლუციის დროს მქონდა ძალიან რთული ურთიერთობა მაშინდელ ამერიკის ელჩთან რიჩარდ მაილსთან, დღემდე ჩემზე მაინც და მაინც კარგად არ ლაპარაკობს, მაგრამ იყო სხვა ხალხიც, როდესაც ბევრი ხალხი გამოვიდა ქუჩაში, როდესაც ჩაერთო „სიენენი“, როდესაც უკვე თეთრი სახლიდან მირეკავდნენ დღეში ხუთჯერ, ძალიან მაღალი რანგის ხალხი, რადგან მიხვდნენ, რომ ეს არის ნამდვილი ტალღა და ნამდვილი სახალხო მოძრაობა, მერე ყველაფერი იცვლება.

ეს არ არის დამოკიდებული იმდენად პიროვნებებზე, რამდენადაც ჩვენს ურთიერთქმედებებზე. ამიტომ, მე არ მიმაჩნია ეს კამპანია მთავარ ჩვენს კამპანიად ან დროის დახარჯვისთვის განკუთვნილ კამპანიად, აქ საუბარია სხვა რაღაცაზე. თუ ახლა როგორც ის გერმანიის ელჩის სრულიად უკბილო თავდასხმები საქართველოს ისტორიაზე, ამას პასუხის გაცემა უნდა, მაგრამ პასუხის გაცემა უნდა არა ოპოზიციის და ხალხის მხრიდან მარტო, თავმოყვარეობა რომ ჰქონდეთ, მთავრობა გასცემდა პასუხს, მით უმეტეს, ყურმოკვრით იცი რაღაც წმინდანებზე, ისტორიაზე, ლიტერატურაზე და ესე ლაპარაკი, ვგულისხმობ სრულიად უკბილო გამონათქვამებს და შეურაცხყოფას ქეთევან წამებულზე, ეს არც კვალიფიკაციაზე მეტყველებს და არც დიდ გონებრივ შესაძლებლობებზე, მაგრამ ეგ სხვა თემაა.

პოლიტიკურ დონეზე ჩვენთვის მოკავშირე, რა თქმა უნდა, არის მთავარი, ერთადერთი აშშ და დასავლეთი. არა იდეალური მოკავშირე, ძალიან ხშირად თავისივე პრინციპებზე ბოლომდე მყარად ვერ დგას, მაგრამ უკეთესი ვინ მოიგონა დღემდე? აბა, ვისთან უნდა ვიყოთ? გვაქვს რამე ალტერნატივა?ამიტომ მთავარია, დასავლეთმა დაინახოს, რომ ჩვენ ვართ, ძლიერები, ერთიანები და გვინდა თავისუფლების პირობებში ცხოვრება, არ ვართ ბანანის რესპუბლიკა, 30 წელი გიყალბებდნენ და რა მოხდა, ერთხელ შეირგეთ. ჯერ ერთი, პირველ თავისუფალ არჩევნებში გაიმარჯვა ზვიად გამსახურდიამ, შემდეგ ჩვენ გავიმარჯვეთ, როდესაც გაგვიყალბეს, წავიღეკთ უკან გაყალბებული არჩევნები და როდესაც არჩევნები წავაგეთ, 5 წუთში გადავეცით ძალაუფლება. ეს არის ამ ყველაფრის გაუფასურება. ეს არის დებატების, ახსნის, განმარტების საკითხი, ეს არის საკმარისად არ ვიმუშავეთ, საკმარისად არ ავხსენით, არ მივიტანეთ საკმარისად ბოლომდე ინფორმაცია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამასთან, საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გუშინ „იმედის“ ეთერში ბოლო პერიოდში ელჩებზე გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. ქნირშის თქმით, დიპლომატების მიმართ პრეტენზიების ნამდვილი მიზეზი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაა.

„ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა“,- განაცხადა ქნირშმა.

ასევე, მისივე თქმით, პარლამენტი თავის ლეგიტიმაციას იღებს ხალხის მიერ, არჩევნების შედეგად და არა ოპოზიციის იქ შესვლით.

ქეთევან დედოფლისა და ელჩების შესახებ განცხადება „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.

„ქეთევანის წამების ბარბაროსულ გადაწყვეტილებას მრავალი ელჩი ესწრებოდა, მაგრამ ვერ გააკეთეს ვერაფერი, ელჩები იყვნენ უსუსურები. ამ დიპლომატიურ კორპუსს უსუსურებს კი არ ვუწოდებ, უბრალოდ ვახსენებ, რომ ყველა უზურპატორი საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.