მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს - დიდი ტალღა უნდა ავიზვირთოთ, ამ ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, თქვენთან ერთად წამოვალ, არ მეშინია
მიხეილ სააკაშვილი ემიგრანტებს მიმართავს - დიდი ტალღა უნდა ავიზვირთოთ, ამ ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, თქვენთან ერთად წამოვალ, არ მეშინია

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქში“ წერს, რომ ახალ მოძრაობას #ერთადსახლში იწყებს. ამ თემაზე ის „ფეისბუქში“ ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც მიმართავს ემიგრანტებს, რომ დიდი ტალღა უნდა ააზვირთონ, რომლებმაც გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე. სააკაშვილი მათ პირდება, რომ საქართველოში გაყვება.

„ძალიან ბევრს ვხვდები უცხოეთში ჩვენს თანამემამულეებს, ზოგს ტაქსიში, ზოგს რაღაც მშენებლობაზე, ზოგს აკადემიურ დაწესებულებაში, ეს ხალხი თავისი შრომით ინახავს არა მხოლოდ თავის ნათესავებს საქართველოში, არამედ რეალურად, ინახავს იმ დამპალ რეჟიმსაც, რომელის არის საქართველოში თავისი გადარიცხვებით, რადგან საქართველოში სხვა ეკონომიკა უკვე გააჩანაგა ივანიშვილმა.

არადა, ეს ხალხი სწორედ გაჭირვებამ და უპერსპექტივობამ გამოყარა იქიდან. ამ არჩევნებზე ქართველმა ემიგრანტებმა აჩვენეს თავისი ძალა, უზარმაზარი უპირატესობით გაიმარჯვა ოპოზიციამ უცხოეთის უბნებზე, სადაც ხახვი და კარტოფილი ვერ დაარიგეს და სადაც მოსყიდვა არ მუშაობს.

ქართველებს, რომლებიც უცხოეთში არიან, რომლებმაც იციან შრომის ფასი, ვერ წვდება ივანიშვილის მოსყიდვა და მისი მეთოდები იქ არ ჭრის. მაგრამ ეს არ კმარა, ყველა ქართველს ენატრება საქართველოში დაბრუნება. ყველას უნდა, თავისი შვილები იქ გაზარდოს. ყველას უნდა, თავის შვილებს დაუბრუნდეს და არსად ქონდეს გასაქცევი“, – ამბობს სააკაშვილი.

მისივე თქმით, ახალი მოძრაობის იდეა ქართველი პატრიოტების ჯგუფს ეკუთვნის.

„ახლა ქართველი პატრიოტების ჯგუფმა მომმართა, მათ შექმნეს მოძრაობა ერთად სახლში, ეს არის ძალიან მაგარი იდეა. ჩვენ უნდა დიდი ტალღა ავიზვირთოთ და ამ აზვირთებულმა ტალღებმა გაზაფხულამდე უნდა მიაღწიონ საქართველომდე, საქართველოს ყველა ქალაქამდე და ქართველებმა უნდა დაიბრუნონ საქართველო. მე თქვენთან ერთად წამოვალ, არაფრის არ მეშინია, ბოლომდე გავალთ, ჩვენ სამშობლოს გარდა არაფერი გვაქვს დასაკარგი და სამშობლო არ უნდა დავკარგოთ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ –  ერთად სახლში, ვაერთიანებთ ძალებს.

მე შემოვივლი უკლებლივ ყველა ცენტრს, სადაც არიან ქართველები, შეგხვდებით თითოეულ თქვენგანს, ჩაგხედავთ თვალებში, ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები და წავიდეთ ჩვენი სამშობლოს დასაბრუნებლად, წავიდეთ ამ კოშმარის და ამ საოცრების დასასრულებლად, საქართველო იმსახურებს ბევრად მაგარ რაღაცას და ჩვენ ვიმსახურებთ, გვქონდეს მაგარი სამშობლო, აუცილებლად გვექნება მაგარი სამშობლო – ერთად სახლში, აბა თქვენ იცით“, – აცხადებს სააკაშვილი.