მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ელენე ხოშტარიას მოუწოდებს, შიმშილობა შეწყვიტოს.

„მინდა, მივმართო ელენე ხოშტარიას, უდიდესი პატივისცემით და მადლიერებით, ბოლო დღეებში მისი, გადაუჭარბებლად რომ ვთქვათ, გმირული და პატრიოტული საქციელის გამო და მოვუწოდო გულმხურვალედ, ჩემი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ჯანმრთელობისთვის საშიში შიმშილობის პროცესი“, – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომლის წერილიც მედიას ნიკა გვარამიამ გააცნო.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა სტრასბურგის სასამართლოს მოწოდების შესაბამისად, შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა გადაწყვეტილების შესრულებისთვის გარკვეულ პირობებს აყენებს.

შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა.

წერილის თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ), უნდა უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება და მისცეს მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა შიმშილობის შემდგომი აღდგენის პერიოდისთვის.