ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა, – ამის შესახებ აღნიშნულია წერილში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა.

წერილის თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, რომ საქართველოს მთავრობამ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, (ასევე ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ), უნდა უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება და მისცეს მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა შიმშილობის შემდგომი აღდგენის პერიოდისთვის.

„გწერთ, გაცნობოთ, რომ 2021 წლის 10 ნოემბერს ბატონმა სააკაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 34-ე მუხლის შესაბამისად ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანა განაცხადი „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“. სასამართლო პროცედურებში აპლიკანტს წარმოადგენენ ადვოკატები თ. მურადაშვილი, დიმიტრი საძაგლიშვილი და ბექა ბასილაია, რომლებიც პრაქტიკას თბილისში აწარმოებენ.

გადაწყვეტილება დროებითი ღონისძიების შესახებ

2021 წლის 10 ნოემბერს სასამართლომ (მორიგე მოსამართლემ) გადაწყვიტა, რომ მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე და სამართალწარმოების სწორად წარმართვისთვის, მოუწოდოს აპლიკანტს შეწყვიტოს შიმშილობა.

სასამართლომ შემდგომში გადაწყვიტა, რომ მთავრობამ სასამართლოს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია სააკაშვილის ამჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ასევე ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ), უნდა უზრუნველყოს ციხეში მისი უსაფრთხოება და მისცეს მას შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა შიმშილობის შემდგომი აღდგენის პერიოდისთვის.

პრიორიტეტი

სასამართლომ ასევე გადაწყვიტა, მიანიჭოს საჩივარს პრიორიტეტი 41 წესის შესაბამისად.

მოთხოვნილი ინფორმაცია

სასამართლომ მიიჩნია, რომ ინფორმაცია ორივე მხარისგან იყო საჭირო 39-ე წესში მითითებულ ზომებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. შესაბამისად, გთხოვთ, წარმოადგინოთ ეს ინფორმაცია 2021 წლის 24 ნოემბრამდე“,- აღნიშნულია წერილში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გაუგზავნა.