მიხეილ ჯანელიძე - საქართველო ხედავს ტენდენციებს და იზიარებს იმ წუხილს, რომელიც პარტნიორებს აქვთ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე
მიხეილ ჯანელიძე - საქართველო ხედავს ტენდენციებს და იზიარებს იმ წუხილს, რომელიც პარტნიორებს აქვთ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე

საქართველო ხედავს ტენდენციებს და იზიარებს იმ წუხილს, რომელიც პარტნიორებს აქვთ ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ქართულ მედიას მიუნხენში განუცხადა, სადაც უსაფრთხოების 54-ე კონფერენცია მიმდინარეობს.

გერმანიის შს მინისტრის განცხადების საპასუხოდ ჯანელიძე აღნიშნავს, რომ შეჩერების მექანიზმების შესაჩერებლად ქართული მხარე პარტნიორებთან ერთად კონკრეტული ნაბიჯების შემუშავებაზე მუშაობს.

„საგანგაშოს ვერ ვუწოდებ ამ სტატისტიკას, თუმცა, რა თქმა უნდა, ეს სტატისტიკა არის ყურადღებადასათმობი და საჭიროებს შესაბამის რეაგირებას.

სწორედ ამ რეაგირების გზები იქნა დასახული პრემიერ-მინისტრთან ერთად და ეს უკავშირდება რამდენიმე მიმართულებას. პირველ რიგში, ეს არის კიდევ უფრო მეტად აქტიური საინფორმაციო კამპანია ქვეყნის შიგნით, ეს არის გარკვეულწილად საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ვთქვათ, არ მოხდეს, ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობების შეჩერება და ასევე, ეს იქნება კიდევ უფრო აქტიური თანამშრომლობა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შესაბამის ევროკავშირის პარტნიორი წევრების შინაგან საქმეთა სამინისტროებსა და სამსახურებს შორის.

რა თქმა უნდა, ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მუშაობას ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა საქართველო აღიარებულ იქნას უსაფრთხო ქვეყნად. ასეთი აღიარება უკვე მიღებულია 6 წევრი ქვეყნის მხრიდან. ჩვენ გვქონდა დღეს საუბარი იგივე გერმანელ პარლამენტარებთან, ბუნდესტაგის წევრებთან, რათა ეს საკითხი იქნას განხილული, რადგანაც საქართველო ნამდვილად აკმაყოფილებს დემოკრატიის მაღალ სტანდარტებს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და შესაბამისად, ეს გადაწყვეტილებაც იქნება ერთგვარი პრევენცია შემდგომი ზრდისა.

შეშფოთება, სტატისტიკა უკავშირდება თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდას, რომელიც შესამჩნევია ბოლო ოთხი თვის განმავლობაში გარკვეულ ქვეყნებში და ასევე, გარკვეულწილად მასთან დაკავშირებულ კრიმინალურ აქტივობებს. სწორედ ამ ორ მიმართულებას ჩვენ ვაქცევთ განსაკუთრებულ ყურადღებას და ის ღონისძიებები, რომელზეც მე ვისაუბრე, ამ ორი მიმართულებით იქნება მიმართული”,-განუცხადა პირველ არხს ჯანელიძემ შეკითხვის საპასუხოდ, თუ რა ფაქტორებმა გამოიწვია ევროპის შეშფოთება და რა ღონისძიებებს გაატარებს საქართველო გამოწვევასთან გასამკლავებლად.

მინისტრის განცხადებით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართული შეხვედრები, როგორც გერმანიის მთავრობის, ასევე გერმანიის ბუნდესტაგის წევრებთან, სხვა საკითხებთან ერთად გულისხმობდა თანამშრომლობის ნაბიჯებს, რათა ვიზალიბერალიზაციის პროცესს არ შეექმნას პრობლემები და საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ შეუფერხებლად უვიზო რეჟიმით სარგებლობა.

შეგახსენებთ, გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ტომას დე მაიზერმა მიუნხენში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა – „საქართველომ იცის, რომ თუ რიცხვები შესამჩნევად გაიზრდება, ჩვენ ავამოქმედებთ შეჩერების მექანიზმს, შესაბამისად, საქართველოზეა დამოკიდებული, შეინარჩუნებს თუ არა ვიზალიბერალიზაციას“.