მიხეილ ჯანელიძე - სამწუხაროა, რომ რუსეთის მანიპულირებით ასადის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „აღიარების“ გადაწყვეტილება მიიღო
მიხეილ ჯანელიძე - სამწუხაროა, რომ რუსეთის მანიპულირებით ასადის რეჟიმმა ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის „აღიარების“ გადაწყვეტილება მიიღო

სამწუხაროა, რომ რუსეთის მანიპულირებით სირიაში ასადის რეჟიმმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, – ეს განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ სირიის არაბული რესპუბლიკის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების ფაქტზე გააკეთა.

როგორც მიხეილ ჯანელიძე აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება არ იმოქმედებს არაღიარების პოლიტიკაზე.

მისივე თქმით, საერთაშორისო საზოგადოება ერთგული რჩება საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიული მთლიანობისა და ასევე მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს.

„სამწუხაროა, რომ რუსეთის მანიპულირებით სირიაში ასადის რეჟიმმა მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. თუმცა ასადის რეჟიმისგან, რომელიც საკუთარ მოქალაქეებსაც კი არაფრად თვლის, ასეთი გადაწყვეტილება გასაკვირი ალბათ არ უნდა იყოს. ეს ნამდვილად არ იმოქმედებს ჩვენი ისტორიული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის შესუსტებაზე მსოფლიო მასშტაბით. საერთაშორისო საზოგადოება კარგად არის ინფორმირებული, თუ რას წარმოადგენს ასადის რეჟიმი. ასევე არის მტკიცე მხარდამჭერი ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობის შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „ აღიარა“.

„სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის ფონზე ორმხრივი აღიარებით, სირიის არაბთა რესპუბლიკა და აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ რესპუბლიკები შეთანხმდნენ ურთიერთაღიარების გაცვლაზე, სირიისა და აფხაზეთს, სირიისა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების დამყარებაზე. დიპლომატიური ურთიერთობები მყარდება საელჩოების დონეზე“, – აღნიშნულია განცხადებაში.