მიხეილ ჯანელიძე - პარლამენტში პოლიტიკური დებატები შეთანხმებული რეგლამენტის ფარგლებში უნდა გამართულიყო
მიხეილ ჯანელიძე - პარლამენტში პოლიტიკური დებატები შეთანხმებული რეგლამენტის ფარგლებში უნდა გამართულიყო

პარლამენტში პოლიტიკური დებატები უნდა გამართულიყო შეთანხმებული რეგლამენტის ფარგლებში,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მინისტრის თქმით, დებატებს, განხილვებს, კითხვა-პასუხს შესაბამისი ფორმა აქვს, რომელიც დაცული უნდა იყოს.

„ვფიქრობ, რომ ეს პოლიტიკური დებატები უნდა გამართულიყო შეთანხმებული რეგლამენტის ფარგლებში, ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და ეს იქნებოდა ასევე შესაძლებლობა ყველა კითხვისთვის პასუხის გაცემის.

სამწუხაროდ, ეს ვერ შედგა და მნიშვნელოვანია, რომ დაცული იყოს რეგლამენტი და ასევე მოხდეს პატივისცემა ინსტიტუტების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დემოკრატიისთვის. დებატებს, განხილვებს, კითხვა-პასუხს აქვს შესაბამისი ფორმა, რომელიც დაცული უნდა იყოს. კონკრეტულ კითხვებზე, კონკრეტული პასუხების მოსმენა საზოგადოებისთვის არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ჯანელიძემ.

გუშინ, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ითხოვდა, რომ დეპუტატების სიტყვით გამოსვლისას მასაც მისცემოდა პასუხის გაცემის საშუალება. ირაკლი კობახიძემ კი მას განუმარტა, რომ რეგლამენტის მიხედვით ყველა კითხვაზე პასუხის შესაძლებლობა საბოლოო სიტყვით გამოსვლისას ექნებოდა. ამის შემდეგ, გიორგი მარგველაშვილმა პროტესტის ნიშნად პარლამენტის სხდომა დატოვა.

მოგვიანებით, პარლამენტში იმსჯელეს საკითხზე, შეეცვალათ თუ არა დებატების ფორმატი. საკითხს პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა.