მიხეილ ჯანელიძე - იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის წარსადგენად 
მიხეილ ჯანელიძე - იუსტიციის სამინისტრო აქტიურად მუშაობს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის წარსადგენად 

საქართველოს მთავრობა მუშაობს არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელის წარდგენაზე, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეს შესაბამისი სამართლებრივი მომზადება სჭირდება და ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

„როგორც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, საქართველოს მთავრობა, იუსტიციის სამინისტრო ამ საკითხზე მუშაობდა პირველი დღეებიდანვე. ამას სჭირდება შესაბამისი მომზადება სამართლებრივად და საქართველოს მთავრობა მუშაობს ამ მიმართულებით. მათ შორის, საქმეს სჭირდება ექსპერტიზის დასკვნაც და სხვა შესაბამისი მასალები, რომელზეც მუშაობს იუსტიციის სამინისტრო. ამიტომ, მე ამ დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს იუსტიციის სამინისტროს მიერ ამ საქმის დამუშავების პროცესი – მასალების მოძიების და სარჩელის მომზადების პროცესი. ამ პროცესში ჩვენ სპეციფიკურ შეფერხებებს არ ვაწყდებით“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დღეს არჩილ ტატუნაშვილის მამის, გიორგი ტატუნაშვილის მონაწილეობით პრესკონფერენცია გამართა. ცენტრმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, აქტიურად გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიებისთვის და მოამზადოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად. ოჯახის ინტერესებს ცენტრის ადვოკატი თამარ ავალიანი იცავს. მისი თქმით, გიორგი ტატუნაშვილის სახელით რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში შესატანად ინდივიდუალური სარჩელიც მზადდება.

როგორც გიორგი ტატუნაშვილმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, არჩილ ტატუნაშვილი ნაწამები იყო და ოჯახი ექსპერტიზის შედეგების გაცნობას მოითხოვს.

ამასთან, გუშინ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე საქართველო ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.