„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრი“  საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, აქტიურად გამოიყენოს ყველა საერთაშორისო მექანიზმი არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის ეფექტიანი გამოძიებისთვის და მოამზადოს სარჩელი რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესატანად.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს ცენტრის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს, რომელსაც არჩილ ტატუნაშვილის მამაც ესწრებოდა.

ცენტრში აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს როგორც საერთაშორისო სამართლებრივი, ისე დიპლომატიური მექანიზმები, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის მიზეზების დასადგენად და დამნაშავე პირთა დასასჯელად.

ტატუნაშვილის ოჯახის ადვოკატის, თამარ ავალიანის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია არის სახელწიფო, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე კონტროლს ახორციელებს. შესაბამისად, საჩივრისთვის რელევანტურ სახელმწიფოს სწორედ რუსეთი წარმოადგენს. ცენტრის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ყველა არსებული საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში დააყენოს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გადმოცემის საკითხი.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ სამ მოთხოვნას აყენებს:  ეფექტიანად წარიმართოს არჩილ ტატუნაშვილის გატაცებისა და სავარაუდო განზრახ მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესი, რათა დროულად დადგინდეს დამნაშავე პირთა ვინაობა და გაიცეს სანქცია მართლმსაჯულებისთვის მათ გადასაცემად; შევიდეს საჩივარი ევროპულ სასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ; ხელისუფლებამ მოითხოვოს ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოებისა და სამედიცინო დოკუმენტაციის გადმოცემა.