მიხეილ ჯანელიძე - ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის
მიხეილ ჯანელიძე - ასადის რეჟიმის მიერ აფხაზეთსა და ცხინვალის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება, არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის

სირიაში რუსეთის მიერ მანიპულირებადი ასადის რეჟიმის მიერ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის – აფხაზეთსა და ცხინვალის (სამხრეთ ოსეთის) ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება არის ასადის მხრიდან საერთაშორისო სამართლის კიდევ ერთი უხეში დარღვევა და უნდა დაიგმოს საერთაშორისო საზოგადოების მიერ, – აღნიშნულ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  მიხეილ ჯანელიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ აქვეყნებს.

როგორც მინისტრი ამბობს, საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ასადის რეჟიმთან დაკავშირებით ამიტომ ეს აღიარება საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის.

„არალეგიტიმური ასადის რეჟიმის მხრიდან, რომლისთვისაც საკუთარი მშვიდობიანი მოსახლეობა, ბავშვებიც კი, არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს, მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ იყო, ისევ მათი მმართველების, რუსეთის კარნახით.

საერთაშორისო საზოგადოებას მკაფიო პოზიცია აქვს ჩამოყალიბებული ასადის რეჟიმთან დაკავშირებით, ამიტომ ეს აღიარება არანაირ საფრთხეს არ წარმოშობს საერთაშორისო არაღიარების პროცესისთვის.

სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმები ამას გამარჯვებად თვლიან და ჩვენს მოსახლეობას, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ცხოვრობენ ამ პროპაგანდის ქვეშ აცხოვრებენ. ბნელ და მართულ ძალებთან კავშირით რაღაც ილუზიების შექმნას ცდილობენ, ნაცვლად შერიგებისთვის გზების ძიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის განვითარების შესაძლებლობების უზრუნველყოფისა“, – წერს საქართველოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ სირიამ ოკუპირებული აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ „აღიარა“. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო .