მიხეილ გიორგაძე - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის შეთავაზებები კონსტრუქციული ნაბიჯი იყო
მიხეილ გიორგაძე - ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის შეთავაზებები კონსტრუქციული ნაბიჯი იყო

კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე აცხადებს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილის შეთავაზებები კონსტრუქციული ნაბიჯი იყო.

მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მისთვის მიუღებელია ის ვითარება, რაც დღეს ძიუდოს ფედერაციაშია.

„ვთვლი, რომ ეს იყო ძალიან კონსტრუციული ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა პრობლემის მოსაგვარებლად ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის მიერ. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სწორედ ასე კონსტრუქციულად შეხვდებიან ამ წინადადებას სპორტსმენები, რადგან ის ვითარება, რაც დღეს არის, სრულიად მიუღებელია. მით უმეტეს, მიუღებელია ის ფორმები, რაც პროტესტმა მიიღო. ეს არა მარტო ძიუდოს, ზოგადად ცივილიზებული საზოგადოებისთვის არის მიუღებელი. ჩვენ ასეთი პროცესები ძალიან დიდი ხნის წინ გავიარეთ. ვფიქრობ, უკან არ უნდა დავბრუნდეთ. ერთი რამ ცხადია, დარწმუნებული ვარ, რომ თუ ორივე მხრიდან არის მართლაც კონსტრუქციული დიალოგის სურვილი და არა პირადი წყენების, დამოკიდებულების ან ანგარიშსწორების საკითხია და არის მართლაც ორიენტირებული საქმეზე, თუ არსებული პრობლემის მოგვარებაზეა, მაშინ ასეთი დიალოგი შესაძლებელია. ამ საკითხების მოგვარებაც შესაძლებელია. სწორედ ამას ემსახურებოდა დღევანდელი შეთავაზება, რომელიც გაკეთდა ქევხიშვილის მიერ. დიდი იმედი მაქვს, რომ სპორტსმენები ასეთი მიდგომით შეხვდებიან ამას და მიუჯდებიან მაგიდას დიალოგისთვის“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

რაც შეეხება საკითხს, რომ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის შეთავაზებები სპორტსმენებისთვის მიუღებელია, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს სუბიექტური მიდგომაა.

„ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ასეთი პასუხი მე მაფიქრებს, რომ სუბიექტური მიდგომა არის. ორიენტირებულია არა პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ რაღაც სხვა დამოკიდებულებაა, რაღაც პირადი, რომელიც ვფიქრობ, რომ არასწორია, როდესაც პირველ პლანზე გამოდის და დგას ეროვნული ნაკრები, ზოგადად სპორტის სახეობის ინტერესებზე მაღლა აყენებ სპორტსმენების ამ პირად დამოკიდებულებას. რაც ვფიქრობ, რომ რადიკალურად მიუღებელი და არასწორია“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა დავით ქევხიშვილმა განცხადება გაავრცელა. მას ძიუდოისტებთან რამდენიმე შეთავაზება აქვს. როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, მზად არის ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი და თუკი გამოიკვეთება სადმე მისი მხრიდან სპორტსმენებთან მიმართებაში რაიმე ხელის შეშლის მომენტი შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრეზიდენტის პოსტს დატოვებს.