დავით ქევხიშვილს ძიუდოისტებთან რამდენიმე შეთავაზება აქვს
დავით ქევხიშვილს ძიუდოისტებთან რამდენიმე შეთავაზება აქვს

საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ დავით ქევხიშვილს ძიუდოისტებთან რამდენიმე შეთავაზება აქვს.

ქევხიშვილი “ფეისბუქის” პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს და სინანულს გამოთქვამს იმის გამო, რაც ძიუდოს ფედერაციის გარშემო ხდება.

ამასთან, როგორც ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი აღნიშნავს, მზად არის ნებისმიერ კითხვას გასცეს პასუხი და თუკი გამოიკვეთება სადმე მისი მხრიდან სპორტსმენებთან მიმართებაში რაიმე ხელის შეშლის მომენტი შეგნებულად თუ შეუგნებლად, პრეზიდენტის პოსტს დატოვებს.

დავით ქევხიშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

“პირველ რიგში კიდევ ერთხელ გამოვთქვამ სინანულს იმის გამო, რაც ხდება ძიუდოს ფედერაციის გარშემო. რა თქმა უნდა ხაზს ვუსვამ თავად ფაქტს და სრულად ვაცნობიერებ, რომ გულშემატკივართათვის ნაკლებმნიშვნელოვანია მტყუან-მართლის ძიება. ჩემი ნებისმიერი ქმედება სწორედ რომ პროცესების დარეგულირებისკენაა და არა საკუთარი თავის მართლად წარმოჩენისკენ მიმართული.

ამის გამოა, რომ ვსაუბრობ მხოლოდ ჩემი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებზე, რისი ვალდებულებაც მაკისრია და მაქსიმალურად ვარიდებ თავს პროცესების კიდევ უფრომეტ ესკალაციას. რა თქმა უნდა რთულია თემის რეგულირება, როდესაც ოპონენტები უარს ამბობენ დიალოგის რეჟიმში საკითხების განხილვაზე და მხოლოდ საჯაროდ, პრესის თანდასწრებით სურთ საუბარი. ამასობაში კი გადის დრო, დრო რომლის თითოეული წამიც ძვირფასია კარს მომდგარ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების პროცესში. სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ ჩემი პრინციპული პოზიცია, არ დავტოვო პრეზიდენტის პოსტი, არ გახდეს უსაფუძვლო, მაგრამ მაინც მიზეზი გარკვეულ სპორტსმენთათვის მოსამზადებელ პერიოდში ხელის შეშლის, მე მათ საჯაროდ (მათსავე არჩეულ ფორმატში) ვთავაზობ შემდეგ წინადადებას:

1 . წარმოადგინეთ ნებისმიერი პიროვნება რომელსაც თქვენ უცხადებთ ნდობას და რომლსაც ფიქრობთ, რომ შესწევს უნარი გაუძღვეს თქვენთან მიმართებაში მმართველობით პროცესს. ჩვენს მიერ იგი იქნება დანიშნული თანაშემწედ ნაკრებთან ურთიერთობის საკითხში, რა თქმა უნდა შესაბამისი ანაზღაურებით და უფლებებით.

2 . წარმოადგინეთ ერთი მწვრთნელი, რომელიც ფიქრობთ, რომ იქნება ყველაზე უფრო მეტად თქვენთვის შედეგის მომტანი სამწვრთნელო პროცესის განხორციელების დროს. ჩვენს მიერ იგი იქნება დანიშნული ერთ–ერთ თანაშემწედ მთავარი მწვრთნელის, რომელსაც უახლოეს პერიოდში დავნიშნავთ.

3. ამით თქვენ გექნებათ საშუალება თქვენს მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად ჩაერთოთ იმ ძიუდოისტთა კონკურენციის პროცესში, რომელთაც ექნებათ პოტენციური შანსი მოხვდნენ მსოფლიოს ჩემპიონატზე.

4.სწორედ თქვენს მიერ წამოყენებულ კანდიდატებთან ერთად იქნება დაგეგმილი ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც შეეხება თქვენთან მიმართებაში განსახორციელებელ სამწვრთნელო პროცესს, რა თქმა უნდა თქვენი და მათი პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

5.მიუხედავად იმისა ეს შეთავაზება გამოიღებს თუ არა შედეგს, პროცესების დარეგულირების კუთხით, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, ყველა კითხვას, რომელიც იქნა დასმული ჩემი მისამართით, კიდევ ერთხელ გავცე პასუხი ნებისმიერი კომისიის ფორმატში და თუკი გამოიკვეთება სადმე ჩემი მხრიდან თქვენთან მიმართებაში რაიმე ხელის შეშლის მომენტი შეგნებულად თუ შეუგნებლად, დავტოვო პრეზიდენტის პოსტი.

იმედს ვიტოვებ, რომ ჩვენ მოვნახავთ ძალას საკუთარ თავში, რათა დავდგეთ თვით საკუთარ თავზე მაღლა, რამეთუ ძიუდო პირველ რიგში არის არა მედლები და ჯილდოები, არამედ პატივისცემა გამოხატული ერთმანეთის მიმართ”,– აღნიშნავს საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი.