მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი გვიკვირს, რთულია იმის მოლოდინი, რომ რაღაც გონივრულ ნაბიჯს გადადგამენ
მიხეილ დაუშვილი - „ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი გვიკვირს, რთულია იმის მოლოდინი, რომ რაღაც გონივრულ ნაბიჯს გადადგამენ

„ქართული ოცნებისგან“ აღარაფერი გვიკვირს, რთულია იმის მოლოდინი, რომ რაღაც გონივრულ ნაბიჯს გადადგამენ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.

დეპუტატს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს საკონსტიტუციო ცვლილებებსა და საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით.

„მარტივი ამბავია; მას მერე, რაც ბოლო თვეებში და ბოლო ერთი წლის განმავლობაში „ოცნებამ“ გააკეთა, მათ შორის მიშელის, 19 აპრილის შეთანხმების ე.წ. ანულირებით, მათგან აღარაფერი გვიკვირს და იმის მოლოდინი, რომ რაღაც გონივრულ ნაბიჯს გადადგამენ, რა თქმა უნდა, რთულია. ერთი რამ ზუსტად ვიცი, ამ ყველაფერს თავის ფასი ექნება, ამ ყველაფრით „ოცნება“ აზარალებს საქართველოს მოსახლეობას, ამ ყველაფრის ფასს იხდიან საქართველოს მოქალაქეები. რაც შეეხება, რა იქნება და რა არა, ამას წყვეტენ მოქალაქეები, ამას არ წყვეტს „ოცნება“, წყვეტენ მხოლოდ მოქალაქეები, ამიტომ, დაველოდოთ ამ პროცესების განვითარება“, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება არ ეჩქარება და განიხილავენ ყველა ვარიანტს იმის მიხედვით, რა იქნება მიზანშეწონილი. მისივე თქმით, ის თუ 2024 წლის არჩევნებისთვის რამდენ პროცენტიანი ბარიერის დაწესება იქნება მიზანშეწონილი, გამოჩნდება 2024 წლის წინა პერიოდში.

„5 %-იანი ბარიერი არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. მე პირადად, ყველაზე მეტად 5 %-იანი ბარიერი მომწონს და უმრავლესობასაც მაშინ, ყველაზე მეტად მოეწონა 5%-იანი საარჩევნო ბარიერი, მაგრამ ჩვენ ვთქვით და ამას კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ჩვენ თუ დავინახავთ, რომ 2024 წლისთვის უფრო დაბალი ბარიერი მოგვცემს უკეთეს პოლიტიკურ მოცემულობას, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებთ ამაზე ძალიან სერიოზულად“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.